მთავარიამერიკააშშლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია

ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ლიკვიდირებულია შეიარაღებული პირი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გეგმავდა.

უწყების თანახმად, 22 თებერვლის ღამით, 20 წლამდე ასაკის მამაკაცმა უკანონოდ შეაღწია რეზიდენციის ტერიტორიაზე, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა ჭიშკართან შეამჩნიეს და მისი მისამართით გაისროლეს.

„დაცვის შემადგენლობაში მყოფი შერიფის მოადგილე და საიდუმლო სამსახურის ორი აგენტი გაემართნენ ამ რაიონში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.

ისინი შეეჩეხნენ მამაკაცს, რომელსაც თან ჰქონდა კანისტრა ბენზინით და გლუვლულიანი თოფი. მას მოუწოდეს, დაეგდო ორივე ნივთი, რის შემდეგაც მან დადო კანისტრა და აწია თოფი სასროლად. ამ დროს შერიფის მოადგილემ და საიდუმლო სამსახურის აგენტებმა გახსნეს ცეცხლი და გაანეიტრალეს საფრთხე. ის შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა.

მოგაწვდით ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ მას ბენზინის კანისტრა და თოფი აქვს. ამჟამად მხოლოდ ეს არის ჩვენთვის ცნობილი და გამოძიება გრძელდება. ფედერალური საგამოძიებო სამსახური უძღვება ამ საქმეს და ჩვენ მათთვის ხელსაყრელი ყველა ფორმით გავუწევთ დახმარებას“, – განაცხადა რიკ ბრედშოუმ, პალმ ბიჩის ოლქის შერიფმა.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა ორგანიზებული დანაშაული და თუ კი, მაშინ ვინ დგას მის მიღმა, თუმცა ამერიკულ მედიასთან საუბრისას, აშშ-ის ხაზინის მდივანმა ძალადობრივი ქმედებების წახალისებასა და სიძულვილის ენის გავრცელებაში ირიბად დაადანაშაულა „დემოკრატები“.

„რატომაც არ უნდა გადავხედოთ წარსულს და არ დავფიქრდეთ: ორი მკვლელი, რომელიც ლიკვიდირებულია, ერთი – სამუდამო პატიმრობით ციხეშია, და მეორე მხრიდან წამოსული შხამი. შეხედეთ სენატში წინასაარჩევნო კამპანიის ამ საშინელ, უცენზურო სარეკლამო რგოლს ილინოისიდან.

მოვუწოდებდი მათ, წაშალონ ის, რადგან იმდენად საძულველია, რომ არ ვიცით, იყო თუ არა ეს ადამიანი ორგანიზატორი, უბრალოდ შეშლილი თუ კიდევ სხვა რამ, თუმცა ისინი ძალადობას ანორმალიზებენ. ეს უნდა შეწყდეს. შონ კარანსა და საიდუმლო სამსახურს მადლობა, ისინი იცავენ პრეზიდენტსა და მის ოჯახს“, – თქვა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

თავად აშშ-ის პრეზიდენტი მომხდარს ჯერ არ გამოხმაურებია. ის არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ან თავდასხმის მცდელობის სამიზნე, მათ შორის თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებამდე.

2024 წლის ივლისში, პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპს მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში ესროლეს.  საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა თქვეს, რომ თავდამსხმელი, 20 წლის ტომას მეთიუ კრუკსი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევას ყრილობის ერთ-ერთი მონაწილე ემსხვერპლა.

ამ თავდასხმის მცდელობიდან ორ თვეში, 59 წლის რაიან რაუთმა ფლორიდის გოლფის მოედანზე პრეზიდენტის მკვლელობა დაგეგმა. მიმდინარე წლის თებერვალში მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ყველა შემთხვევაში, თავდასხმების მოწყობის მოტივი უცნობი დარჩა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend