საფრანგეთი იწყებს ახალ სამხედრო-სამოხალისეო სამსახურის პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერება ახალგაზრდების ჩართულობით. ინიციატივა, რომელიც 18–19 წლის მოხალისეებს ეხებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ წარმოადგენს.
პროგრამა საფრანგეთის უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილია და პასუხობს ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეების ზრდას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები 10 თვის განმავლობაში იმსახურებენ სამხედრო ფორმით საფრანგეთის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა რეგიონში. ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას უცხოეთში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.
მოხალისეები ერთთვიან საბაზისო სამხედრო მომზადებას გაივლიან. ცხრა თვის განმავლობაში ისინი შეასრულებენ კონკრეტულ დანაყოფებში იმავე ამოცანებს, რომლებიც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ.
პირველ ეტაპზე პროგრამაში 3 000 ახალგაზრდა ჩაერთვება, ხოლო 2030 წლისთვის მათი რაოდენობა წელიწადში 10 000-ამდე გაიზრდება. ხელისუფლების გრძელვადიანი მიზანია, 2035 წლისთვის პროგრამაში წელიწადში მაქსიმუმ 50 000-მა მოხალისემ მიიღოს მონაწილეობა. ინიციატივა საერთაშორისო ვითარების შესაბამისად გადაიხედება.
მონაწილეებს მიენიჭებათ სამხედრო სტატუსი, მიიღებენ ანაზღაურებასა და აღჭურვილობას. პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი სამხედრო რეზერვში ჩაირიცხებიან და შეძლებენ სწავლის გაგრძელებას ან მუშაობას.
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სამსახურის შეთავაზებას.

