მთავარიამერიკააშშპენტაგონი უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ემზადება

პენტაგონი უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ემზადება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აშშ-ის ხელისუფლება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება თავად ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

ზუსტი დრო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარ გუნდს დაავალებს უცხოპლანეტელებისა და არაიდენტიფიცირებული მფრინავი ობიექტების შესახებ ამერიკის მთავრობის განკარგულებაში არსებული საიდუმლო დოკუმენტების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

„უდიდესი ინტერესის საფუძველზე, მე ვავალებ ომის მინისტრსა და სხვა დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ იმ სამთავრობო დოკუმენტების იდენტიფიცირება და გასაჯაროება, რომლებიც უცხოპლანეტელებსა და არამიწიერ სიცოცხლეს ეხება, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენებს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ამ უკიდურესად კომპლექსურ, საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. უფალმა დალოცოს ამერიკა“, — დაწერა სოციალურ ქსელ Truth Social-ში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ერთგვარი პასუხია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დემოკრატ ბარაკ ობამას ბოლო ინტერვიუზე, სადაც მან აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელები მართლაც არსებობენ, თუმცა თავად ისინი პირადად არ უნახავს.

დონალდ ტრამპმა ობამას ბრალი დასდო იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი კლასიფიცირებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, რასაც დიდი შეცდომა უწოდა. კითხვაზე, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, თავად ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Barack Obama (@barackobama)

ამ გახმაურებული ფენომენის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში მაღალია — ნაწილობრივ მისი გასაიდუმლოებული ბუნების, ნაწილობრივ კი ჰოლივუდური გავლენების გამო.

2017 წელს საზოგადოებრივი ინტერესი საკითხის მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა, როდესაც აშშ-ის სამხედრო ავიაციის მფრინავების ანგარიშები გასაჯაროვდა უცნაური მფრინავი ობიექტების შესახებ. ეს პენტაგონის საიდუმლო პროგრამას უკავშირდებოდა.

ამ თემაზე ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი მოსმენა აშშ-ის კონგრესში 2022 წელს ჩატარდა. 2024 წელს კი პენტაგონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უცხო პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია და რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებად მიჩნეული შემთხვევების დიდი ნაწილი ჩვეულებრივ ფიზიკურ ობიექტებს უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:32

ომის 1457- ე დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend