NASA-მ მთვარისკენ გასაშვები გიგანტური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა. წინა გამოცდა საწვავის ჩატვირთვის დროს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების გამო ჩაიშალა. შესაბამისად, ასტრონავტების მთვარეზე გაფრენაც გადაიდო.
ამჯერად სპეციალისტებმა რაკეტაში 700 ათას გალონზე მეტი ცივი საწვავი ჩაასხეს, რომელიც დაგეგმილ ნიშნულამდე მივიდა და შემოწმების დროს არ ხარვეზი არ გამოვლენილა. NASA-მ გამოაცხადა, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
საწვავის ჩატვირთვის ეს ეტაპი ყველაზე რთული და გადამწყვეტი ნაწილია მთლიან მოსამზადებელ პროცესში. სწორედ მისი შედეგები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა სააგენტო მარტში დაგეგმილი Artemis II -ის მისიის გაშვებას.
ორი კვირის წინ ჩატარებული გამოცდის დროს რაკეტიდან დიდი რაოდენობით გამოჟონა თხევადმა წყალბადმა. ინჟინრებმა შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს, მათ შორის გაწმინდეს საწვავის ფილტრი, რათა ხარვეზი საბოლოოდ აღმოეფხვრათ. სამუშაოები კენედის კოსმოსურ ცენტრში ჩატარდა.
NASA აცხადებს, რომ Artemis II-ის გაშვების ზუსტ თარიღს მანამდე არ დაასახელებს, სანამ საწვავის ჩატვირთვის გამოცდა საბოლოოდ არ ჩაითვლება წარმატებულად. ამ ეტაპზე შესაძლო თარიღად 6 მარტი სახელდება.
მისიის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი მთვარემდე გაფრინდება. ისინი არც მთვარის ორბიტაზე შევლენ და არც ზედაპირზე დაეშვებიან. ეს იქნება ადამიანის პირველი გაფრენა მთვარემდე 1972 წლის შემდეგ. მსგავსი მისია მე-20 საუკუნეში Apollo 17-მა შეასრულა.

