რუსეთსა და უკრაინას შორის ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი, მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ სამხედრო საკითხების მხრივ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.
ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც მხოლოდ ორი საათი გაგრძელდა, მოიცავდა პოლიტიკურ და სამხედრო თემებს, ასევე უსაფრთხოების პარამეტრებსა და პოტენციური მოქმედებების მექანიზმებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ორ მიმართულებას მოიცავდა — სამხედრო და პოლიტიკურ ნაწილს. დამატებით დეტალებზე მან არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულება გაცილებით უფრო კომპლექსურია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ომის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხებზე და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესიც შეინიშნება. მიუხედავად ამისა, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები, მათ შორის — ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური.
„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაღწიოს შედეგებს. დღევანდელი მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ არსებული პროგრესი საკმარისია. სამხედრო წარმომადგენლებმა გარკვეული თემები სერიოზულად განიხილეს, თუმცა შესაძლო კომპრომისისა და ლიდერების შეხვედრის აუცილებლობის საკითხები ჯერ კიდევ არასაკმარისად არის დამუშავებული“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი კვლავ ევროპაში გაიმართოს და პროცესში ევროპული მხარეც აქტიურად იყოს ჩართული.
„ჩვენ შემდეგი შეხვედრის მოლოდინი გვაქვს. კარგი იქნება, თუ ის თებერვალში ჩატარდება. მნიშვნელოვანია ევროპელების — საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და შვეიცარიის, როგორც მასპინძელი ქვეყნის — ჩართულობა. ჩვენ, უკრაინა, ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ ევროპა პროცესის ნაწილი უნდა იყოს. მინდა, მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს ამ პოზიციის გათვალისწინებისთვის“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
Another round of negotiations in Geneva has concluded. The discussion was difficult, but important.
Together with the team, we are preparing for the continuation in the near future.
We will endure! pic.twitter.com/LZJbiWVWGK
— Kyrylo Budanov (@Kyrylo_Budanov) February 18, 2026
ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს კომპლექსურად აფასებს რუსული მხარეც. რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, მოლაპარაკებებს „რთული, მაგრამ პრაქტიკული“ უწოდა.
ვლადიმერ მედინსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და მაქსიმალისტური მოთხოვნებით გამოირჩევა, რამაც მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გაართულა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„მოლაპარაკებები მეორე დღეა მიმდინარეობს. თუ რაიმე ინფორმაცია იქნება, ჟენევაში ჩვენი მთავარი მომლაპარაკებელი, ვლადიმერ მედინსკი, გაგვაცნობს. ამ ეტაპზე რთულია საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მივაწოდეთ ანგარიში, თუმცა შეფასებებზე საუბარი ჯერ ადრეა“, — განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მოლაპარაკებების მთავარი საკითხი კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. კიევს მიაჩნია, რომ არსებული პოზიციების შენარჩუნება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე რეალისტური საფუძველია. მოსკოვი კი ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობად მოითხოვს, რომ უკრაინულმა ძალებმა დატოვონ დონბასი, რაც დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებსაც მოიცავს — ტერიტორიებს, რომლებზეც რუსეთს სრულფასოვანი კონტროლი არასდროს ჰქონია.
კიევი ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია დონბასის დათმობა, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ ადამიანებსა და სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრატეგიას.
აშშ-მა ასევე წამოჭრა იდეა, შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა ომის შედეგად დაზარალებულ აღმოსავლეთ რეგიონში, რაც ერთგვარ პოტენციურ კომპრომისად განიხილება. თუმცა ამ წინადადებას არც უკრაინაში და არც რუსეთში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ მოჰყოლია.
მოლაპარაკებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთს 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან აქვს ოკუპირებული. ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ომამდე უკრაინის ელექტროენერგიის დაახლოებით 20 პროცენტს გამოიმუშავებდა.
სამშვიდობო ჩარჩოს ფარგლებში აშშ მხარეებს სთავაზობს, რომ ობიექტი ერთობლივად უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მართონ, თუმცა ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციას ნიშნავს.

