ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ვიზიტით მყოფ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰპირდება, რომ კრემლი არ შეუერთდება კუნძულოვანი ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს და მის „უპირობო მხარდაჭერას“ განაგრძობს.
კუბის კომუნისტური ხელისუფლების მოკავშირე რუსეთის მტკიცებით, რუსული მხარე „ყოველთვის იყო“ კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოს „დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის, თვითგამორკვევისა და თვითგანვითარებისთვის ბრძოლის გზაზე“.
„ვიცით, რამდენად რთული მდგომარეობა აქვს კუბელ ხალხს მთელი ამ წლების, კუბის დამოუკიდებლობის ათწლეულების განმავლობაში. ისინი იბრძვიან სიცოცხლის უფლებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
ახლა, ახალი სანქციების პირობებში, განსაკუთრებულ დროის მონაკვეთს გავდივართ. იცით, როგორ ვართ ამ თემისადმი განწყობილი. არ მივიღებთ არაფერ მსგავსს. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ღია, მკაფიო და არაორაზროვანია“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
კრემლში გამართულ შეხვედრას დაესწრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სერგეი ლავროვმა ვაშინგტონს „ჯანსაღი პოზიციის გამოვლენისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკის გატარებისკენ“ მოუწოდა.
კერძოდ, მოსკოვის მოთხოვნაა, შეწყდეს კუბის ენერგობლოკადა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნა ელექტროსადგურებისთვის ნავთობის იმპორტის მხრივ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა კუბისთვის ნედლეულის მიმწოდებელ ნებისმიერ სახელმწიფოს „მაქსიმალური ტარიფების“ დაწესებით.
„ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ვითარებაში, რომელშიც კუბა, ჩვენი მოძმე ქვეყანა, აღმოჩნდა აშშ-ის ქმედებების შედეგად. 70 წელზე მეტხნიანი ბლოკადის შემდეგ ამერიკული მხარე მათ ემუქრება საკუთარი ანტიჰუმანური და უკანონო ქმედებების კიდევ უფრო გაძლიერებით.
რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთისა და კუბის თანამშრომლობისადმი ფალსიფიცირებულ ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოს საფრთხე ექმნება ამერიკის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს.
ყველა საკითხი მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომელიც მიმართული იქნება ინტერესთა ბალანსის ძიებისკენ“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვი „ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის“ უალტერნატივობაზე საუბრობს იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი უკვე ოთხი წელია უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, ყოველდღიურად ახორციელებს იერიშებს სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებსა და ქრისტიანულ სალოცავებზე, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებზე.
ამასთან, რუსული მხარე არ თანხმდება არც ცეცხლის შეწყვეტას და არც მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. კრემლს მხოლოდ საკუთარი დათქმები აქვს, რომელთა მიხედვითაც უკრაინის ტერიტორიის მეოთხედზე მეტი მოსკოვის კონტროლქვეშ უნდა მოექცეს, ხოლო თავად უკრაინამ უბლოკო სტატუსი გამოაცხადოს.
ამ ვითარებაში რუსი დიპლომატი ამტკიცებს, რომ უზრუნველყოფს კუბელი ხალხის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რისთვისაც მისმა ლათინოამერიკელმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა:
„დღეს ჩვენი ხალხი შეზღუდვებითა და ცხოვრების ძალიან რთული პირობებით იტანჯება, თუმცა ამასთან ისინი თანხმდებიან და ძალიან კარგად იაზრებენ ამ პრობლემების მიზეზებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ორივე სახელმწიფო კვლავ განაგრძობს ძალისხმევას მსოფლიოში ბალანსის უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ჩვენ შევიტანთ მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ჩვენს შემთხვევაში — ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რუსეთს სოლიდარობისთვის, პრეზიდენტისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმული მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის ენერგოემბარგოსთან დაკავშირებით, რომელიც მტანჯველია ჩვენი ხალხისთვის და რთულ მდგომარეობას ქმნის ჩვენი ეკონომიკისთვის“, — თქვა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგეს პარილიამ.
კუბის წინააღმდეგ ენერგოემბარგოს დაწესებას ვაშინგტონი ქვეყნის კომუნისტური ხელისუფლების მოლაპარაკებებზე იძულების ერთადერთ სწორ გზად მიიჩნევს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თანახმად, თეთრი სახლის დიპლომატია ამოუწურავი არ არის, ამიტომ ჰავანას ურჩევენ, გადადგან სამშვიდობო ნაბიჯი „ვიდრე გვიანი არ არის“.
ვენესუელის ავტორიტარი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ კუბას შეეზღუდა წვდომა ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზარზე, რის გამოც ქვეყანა მნიშვნელოვანი ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
ქვეყნის დახმარებას მექსიკა ჰუმანიტარული დახმარების გაწევით ცდილობს, თუმცა ესეც სანქციების შიშის ზღვარზეა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო მოსკოვს ფაქტობრივად ჩახერგილი აქვს მსოფლიო საზღვაო გზები, რაც ლათინოამერიკული სახელმწიფოსთვის ნავთობის მიწოდებას შეუძლებელს ხდის და კრემლის მხარდაჭერას მხოლოდ სიტყვებად ტოვებს.

