ლოს-ანჯელესის სასამართლოში Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ჩვენება მისცა საქმეზე, რომელიც იკვლევს სოციალური ქსელების გავლენას ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
სასამართლო პროცესზე განიხილება ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც, მეტას პლატფორმები ხელს უწყობს ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ამძაფრებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს არასრულწლოვნებში.
მარკ ცუკენბერგის თქმით, არსებული სამეცნიერო მტკიცებულებებით არ დასტურდება კავშირი სოციალურ მედიასა და დეპრესიას, შფოთვასა თუ სხვა ფსიქიკურ დარღვევებს შორის.
სარჩელი შეტანილია ახალგაზრდა ქალის მიერ, რომელიც ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელის ინტენსიურად გამოყენების გამო იგი დამოკიდებული გახდა მასზე, რამაც გააღრმავა დეპრესიული მდგომარეობა და გამოიწვია სუიციდური აზრები.
ცუკენბერგის პოზიციის საპირისპირო არგუმენტაციაზე საუბრობს დაზარალებულების ადვოკატი – მეთიუ ბერგამი.
„ეს მშობლები ამერიკის სხვადასხვა შტატიდან ჩამოვიდნენ, რათა თავიანთი შვილები მორალურად გაამხნევონ. ბევრმა მათგანმა ღამე სასამართლოს წინ გაათენა, რათა ენახათ, როგორ მიმდინარეობს სამართლიანი პროცესი.
„დღეს სასამართლოში მოვისმინეთ ბევრი სიტყვიერი მანიპულაცია, როგორ ცდილობენ, სიტყვებით შეცვალონ რეალობა და დამალონ სიმართლე. მაგალითად, ითქვა, რომ პლატფორმა არ უშვებს 13 წლამდე ბავშვებს, მაშინ, როცა რეალობა სხვაა. ითქვა, რომ არ უწყობენ ხელს მომხმარებლების დამოკიდებულებას, თუმცა დოკუმენტები საპირისპიროს აჩვენებს. ეს რისკები დადასტურებულია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამერიკული სამართლის ისტორიაში, რადგან სოციალური მედიის კომპანიებს პირველად მოუწიათ ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარდგომა“ – განაცხადა Social Media Victims Law Center-ის დამფუძნებელმა მეთიუ ბერგმანმა.
ამ ეტაპზე მეტას წინააღმდეგ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. გადაწყვეტილება კი შესაძლოა მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.
თუმცა სასამართლოს შეუძლია, პროცესი გაახანგრძლივოს, თუ დამატებითი განხილვა ან განმარტებები გახდება საჭირო.

