ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი, ვადის ამოწურვამდე დატოვებს თანამდებობას. ხმები მისი შესაძლო წასვლის შესახებ ოთხშაბათს გავრცელდა, როდესაც ითქვა, რომ ლაგარდი პოსტს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე — ანუ 2027 წლის აპრილამდე — გაათავისუფლებდა და მას ვაკანტურს გახდიდა.
კრისტინ ლაგარდის ადრეული წასვლა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუციის პრეზიდენტის დანიშვნის ბერკეტს დაუტოვებდა. საქმე ის არის, რომ ფრიდრიხ მერცისგან განსხვავებით, ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე შეზღუდული დრო აქვს დარჩენილი, რადგან კონსტიტუცია მას მესამე ვადით კენჭისყრას უკრძალავს. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ბრიუსელსა და პარიზში იზრდება შიში ულტრა-მემარჯვენე პარტიების გაძლიერების გამო — როგორიცაა, მაგალითად, „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთში და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში.
რვაწლიანი უფლებამოსილების ვადა კრისტინ ლაგარდს 2027 წლის ოქტომბერში ეწურება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მას ჰკითხეს, სად გააგრძელებდა მუშაობას ვადის ამოწურვის შემდეგ — აპირებდა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტობას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეობას ან ევროპული საბჭოს პრეზიდენტობას. კითხვას მან ხუმრობით უპასუხა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებდა, თუ სად ცხოვრობდნენ მისი შვილიშვილები.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Euronews-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და პრეზიდენტი ლაგარდი სრულად არის ფოკუსირებული მის მიმდინარე მისიაზე.
მის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრეებად ამჟამად მოიაზრებიან ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი კლაას ნოტი და ესპანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე პაბლო ჰერნანდეს დე კოსი. აღნიშნული შეფასება „ფაინენშელ თაიმსის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვას ეფუძნება.

