დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მეფე ჩარლზ მესამის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, დააკავა. ყოფილი პრინცი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.
საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ენდრიუ სამეფო ოჯახის წევრი იყო. მას ყველა ტიტული ჩამორთმეული აქვს ამერიკელ ფინანსისტთან — პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულ ჯეფრი ეფშტეინთან — კავშირის გამო.
პოლიციამ ყოფილი პრინცი მისივე დაბადების დღეს, 19 თებერვალს, დააკავა. ენდრიუს დაკავებას გამოეხმაურა მისი ძმა, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე. მისი განცხადებით, გამოძიება ღიად და პროცესის სრული დაცვით უნდა წარიმართოს.
„ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ინფორმაციით, რაც შევიტყვეთ ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორისა და საჯარო სამსახურში შესაძლო არასათანადო ქცევის შესახებ. ახლა უნდა ჩატარდეს სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული საკითხის გამოძიება შესაბამისი წესითა და ორგანოების მიერ უნდა მოხდეს. ამ პროცესში, როგორც ადრე განვაცხადე, მათ ექნებათ ჩვენი სრული და უპირობო მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
მინდა მკაფიოდ განვაცხადო: კანონი უნდა აღსრულდეს. ამ პროცესის განმავლობაში ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება. ამასობაში მე და ჩემი ოჯახი გავაგრძელებთ ჩვენს მოვალეობას, რომ გემსახუროთ თქვენ — ყველას“, — ნათქვამია ბრიტანეთის მეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ში ჯეფრი ეფშტეინის ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, პრინცი ენდრიუ, რომელიც 2001–2011 წლებში ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენელი იყო, ჯეფრი ეფშტეინს ინვესტიციებთან და სინგაპურში, ჰონკონგსა და ვიეტნამში მის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა. მასალების გასაჯაროების შემდეგ ბრიტანეთის პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა ანტიმონარქიულმა ორგანიზაციამ Republic-მა.
ყოფილ პრინცს პრინცის წოდება და ყველა ტიტული 2025 წლის ოქტომბერში ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მისმა ძმამ, მეფე ჩარლზ მესამემ, ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მიიღო. ენდრიუს 2000-იანი წლების დასაწყისში ჯეფრი ეფშტეინის კუნძულზე არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობაც ედებოდა ბრალად.
ჯეფრი ეფშტეინის ტრეფიკინგის მსხვერპლად მიჩნეულმა ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც 2025 წელს გარდაიცვალა, ამავე წლის ოქტომბერში გამოსცა მემუარები, სადაც სწორედ ამ ძალადობაზე საუბრობს. მემუარებში ვირჯინია ჯუფრე აღწერს ძალადობას ჯეფრი ეფშტეინის მხრიდან და იმ სექსუალურ ურთიერთობას, რომელიც, მისი ინფორმაციით, 17 წლის ასაკში მაშინდელ პრინც ენდრიუსთან ჰქონდა. თავად ენდრიუ ბრალდებებს უარყოფს.

