ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ნიუ-დელიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ ქვეყანა მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნას ინდოეთში და მათ გლობალურად დანერგვას. მისი თქმით, ინდოეთი უნდა იქცეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ მსოფლიოში.
„გიწვევთ ყველას, შევქმნათ ტექნოლოგიები ინდოეთში, მივაწოდოთ ისინი მსოფლიოს და ვემსახუროთ კაცობრიობას“ – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელმაც ღარიბი ქვეყნების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასაძლიერებლად 3 მილიარდი დოლარის ფონდის შექმნის ინიციატივაზე ისაუბრა.
„შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული ინიციატივა წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოიცავს. ჩინეთმა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას ჩაუყარა საფუძველი. ხელოვნური ინტელექტი სტრატეგიული კონკურენციის მნიშვნელოვან სფეროდ იქცა, ხოლო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები კიდევ უფრო გაძლიერდნენ ბევრ მათგანს აქ, ამ დარბაზშიც, ვხედავთ. გასულ წელს მათი ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა. ხელოვნური ინტელექტის, გრაფიკული პროცესორებისა და ჩიპების ირგვლივ არსებული დაძაბულობა უკვე პირდაპირ აისახება გეოპოლიტიკურ და მაკროეკონომიკურ პროცესებზე, ზოგჯერ უკეთესობისკენ, ზოგჯერ კი უარესობისკენ“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიუ-დელიში გამართულ სამიტზე.
Google-ის აღმასრულებელი დირექტორის სუნდარ პიჩაის თქმით: პროგრესი გვაჩვენებს, რა არის შესაძლებელი, როცა კაცობრიობა დიდ მიზნებზე ოცნებობს და რომ არც ერთ ტექნოლოგიას მასში ისეთი დიდი მოლოდინი არ აღუძრავს, როგორიც ხელოვნურ ინტელექტს. მისი თქმით, ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გარდატეხაა, რადგან ვდგავართ სწრაფი წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ზღურბლზე. თუმცა ეს შედეგი არც გარანტირებულია და არც ავტომატურად მიიღწევა. იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი მართლაც სასარგებლო იყოს ყველასთვის, საჭიროა მისი გაბედულად განვითარება, პასუხისმგებლობით მიდგომა და ამ გადამწყვეტ მომენტში ერთობლივი მუშაობა.
„მოვუწოდებ ყველას ხელოვნური ინტელექტის გლობალური ფონდის შექმნისკენ, რათა განვითარებად ქვეყნებში საბაზისო შესაძლებლობები – უნარები, მონაცემებზე წვდომა, ხელმისაწვდომი გამოთვლითი რესურსები და ინკლუზიური ეკოსისტემები გაძლიერდეს. ჩვენი ინვესტიცია 3 მილიარდი დოლარია. ეს ერთი ტექნოლოგიური კომპანიის წლიური შემოსავლის ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენს. მცირე ფასია, რომ ხელოვნური ინტელექტის გავრცელება ყველასთვის სასარგებლო გახდეს, მათ შორის თავად იმ ბიზნესებისთვისაც, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ქმნიან“ – განაცხადა გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
ინდოეთი, რომელსაც თითქმის მილიარდი ინტერნეტმომხმარებელი ჰყავს, მნიშვნელოვან ციფრულ ბაზრად რჩება გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ბოლო წლებში ქვეყანამ მიიღო მასშტაბური ინვესტიციები საერთაშორისო კორპორაციებისგან.

