„პროგრესი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია“, – გამოუცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა ჟურნალისტებს რუსეთსა და უკრაინას შორის ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი, მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ.
როგორც მან განაცხადა, ჟენევაში მიმდინარე სამმხრივ მოლაპარაკებებზე მხარეებმა პოლიტიკური და სამხედრო საკითხები, ასევე, უსაფრთხოების პარამეტრები და პოტენციური გადაწყვეტილებების განხორციელების მექანიზმები განიხილეს.
უმეროვმა მალაპარაკებებს „ინტენსიური და შინაარსიანი“ უწოდა და თქვა ისიც, რომ ზოგი საკითხი უკვე დაზუსტებულია, ზოკი კი დამატებით საჭიროებს კოორდინაციას.
„დისკუსიები ინტენსიური და შინაარსიანი იყო. მადლობას ვუხდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმისთვის, რომ პროცესი არ ჩერდება და გრძელდება. მადლობას ვუხდით შვეიცარიას მასპინძლობისა და სტუმართმოყვარეობისთვის.
პროგრესი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია. შემდეგი ნაბიჯია საჭირო დონის კონსენსუსის მიღწევა, რათა შემუშავებული გადაწყვეტილებები პრეზიდენტებს განსახილველად წარედგინოთ. ჩვენი ამოცანა ამისთვის პრაქტიკული და არა მხოლოდ ფორმალური საფუძვლის შექმნაა. უკრაინა კვლავ კონსტრუქციული რჩება. საბოლოო მიზანი უცვლელია და ეს სამართლიანი დამდგრადი მშვიდობაა“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორდღიანი იყო და ოთხშაბათს დასრულდა. მიუხედავად უმეროვის კომენტარებისა, გარღვევის ნიშნები არ ჩანს.
შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული პირდაპირი შეხვედრების მესამე რაუნდი იყო. მანამდე, წლის დასაწყისში, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრები ოფიციალურმა პირებმა კონსტრუქციულად შეაფასეს, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ იქ მიუღწევიათ.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმირ მედინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები „რთული, მაგრამ საქმიანი“ იყო. მისივე თქმით, მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „უახლოეს მომავალში“ გაიმართება.
„როგორც იცით, მოლაპარაკებები ორდღიანი იყო. გუშინ ძალიან დიდხანს, სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობდა, ხოლო დღეს კიდევ ორ საათს გაგრძელდა. რთული იყო, მაგრამ საქმიანი. შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“, – თქვა ვლადიმირ მედინსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განხილვები „რთულად“ შეაფასა და რუსეთი იმაში დაადანაშაულა, რომ იგი „ცდილობს გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლებოდა უკვე დასკვნით ეტაპზე ყოფილიყო.“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონის ძალისხმევამ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გასული წლის განმავლობაში „მნიშვნელოვანი პროგრესი“ მოიტანა, თუმცა დეტალები არც მას დაუკონკრეტებია.
მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებების მორიგი, ორდღიანი რაუნდი სამშაბათს დაიწყო – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე.
მოლაპარაკებების წინ პროგნოზები შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტური არ ყოფილა, რადგან ძირითადი ტერიტორიული საკითხებისა და მომავალი უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით პოზიციების შეცვლისთვის მზად არცერთი მხარე არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერტებულმა შტატებმა შეთანხმების მიღწევისთვის ბოლო ვადად ივნისი განსაზღვრა.
რუსეთის დელეგაციას მოლპარაკებებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. სწორედ მედინსკი ედგა სათავეში მოსკოვის დელეგაციას მაშინაც, როცა 2022 წლის მარტში სტამბოლში მხარეებს შორის პირველი პირაპირი მოლაპარაკებები გაიმართა.
მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინაში ომი გრძელდება. ფრონტის ხაზი დაახლოებით 1250 კილომეტრზეა გადაჭიმული, რუსეთი კი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის მოსახლეობას.
ოფიციალური პირების ცნობით, სამშაბათს, მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულებიდან რამდენიმე საათში, რუსულმა დრონებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ერთი ქალი იმსხვერპლა. დაშავდნენ 6 წლის გოგონა და 18 თვის ბავშვი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთი ბალისტიკური რაკეტა და 126 შორი მოქმედების დრონი გაუშვა.

