კიევის მეტროში თავშეფარებული უკრაინელები ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ განსაკუთრებულ იმედებს არ ამყარებენ. ამისთვის მათ წონადი მიზეზი აქვთ — ახსოვთ აქამდე გამართული არაერთი უშედეგო მოლაპარაკება და რუსეთისგან მიღებული დაუკმაყოფილებელი პირობები.
ევროპის მიწაზე მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას ისინი კარვებში ცდილობენ, საჰაერო განგაშის ფონზე — მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთიდან მომდინარე მასირებული იერიშების გამო.
„ასეთი შეხვედრა ბევრი ჩატარებულა, ძალიან ბევრი უსაუბრიათ ცეცხლის შეწყვეტაზე. სწორედ ამის გამო არ მაქვს რწმენა, რომ შედეგი დაიდება. ადამიანები ძალიან დაიღალნენ, მათ ცოტათი მაინც უნდა ამოისუნთქონ. მუდმივად ისმის განგაშის სიგნალის ხმა. მეცოდებიან ბიჭები, რომლებიც ფრონტზე არიან. იმედი მაქვს, საუბრები რაღაც შედეგს მაინც გამოიღებს. გვსურს, გვჯეროდეს ამის, მაგრამ ეს რამდენჯერმე უკვე დავიჯერეთ და უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, იმედი ბოლოს კვდება“, — ამბობს ალინა იემეცი კიევიდან.
ჟენევის მოლაპარაკებებზე საკვანძო საკითხი უკრაინის რეგიონები და მათი დათმობა-არ დათმობის თემაა. მოსკოვი ძალაში ტოვებს საკუთარ პრეტენზიებს დონბასზე, რომლის სრულად მიტაცებაც ვერ შეძლო და ახლა მოლაპარაკებების გზით ცდილობს მის დაკანონებას. კიევი ხისტ განცხადებებს ერიდება, თუმცა არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელი ხალხი მხოლოდ ღირსეულ პირობებს დათანხმდება.
„პრინციპში, ყოველ უკრაინელს მოლაპარაკებების წინ უჩნდება იმედი, მაგრამ გონება გვკარნახობს, რომ ეს ნახევრად სახელმწიფო და მისი ხალხი არ ინდობა. ამიტომ ვერ დავამყარებთ იმედებს მათ მხრიდან რაიმე დათმობაზე ან ჩვენთვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, — თვლის დიანა იანუშევსკა, რომელიც სხვების მსგავსად კიევის მეტროს აფარებს თავს.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ომის დაწყების ოთხი წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება. სწორედ 24 თებერვალს დაიწყო მოსკოვმა სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ამ დრომდე გრძელდება — უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის ოკუპაციით, ათობით ათასი დაღუპულითა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირით, განადგურებული ქალაქებითა და სოფლებით.
„არავინ უნდა ენდოს რუსეთს აბსოლუტურად — მცირედითაც კი. მართლა მსურს მჯეროდეს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რამე შეიცვლება, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს. რაკეტები ჩვენს ცაზე ყოველდღე დაფრინავენ. მადლობა ღმერთს, დღეს იმდენი „შაჰედი“ არ გამოუყენებიათ. ჩვენ მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ და გვინდა გადავრჩეთ. ჩემი ქმარი ჯარშია, დიდი ხანია მასთან კონტაქტი არ გვქონია. არაფერი ვიცი მასზე. მართლა მსურს, ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან ეს ყველაფერი ყველასთვის ძალიან რთულია“, — უყვება Reuters-ს ოკსანა რევიაკინა მელიტოპოლიდან.
რუსეთ–უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი 1945 წლის შემდეგ ევროპის მიწაზე მომხდარი ყველაზე დიდი ომია. ამ დროისთვის არსებული რეალობა კი მისი დასრულების ნიშნებს ჯერ არ აჩვენებს.

