ვაშინგტონსა და თეირანს შორის ჩანიშნულ მოლაპარაკებებამდე ირანისა და ომანის ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ომანელ კოლეგას, ბადრ ალ-ბუსაიდის ხვდება, ომანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
ალ-ბუსაიდი შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნასიო კასისსაც.
ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ომანის შუამავლობით მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ემზადებიან. ამჯერად ვაშინგტონი და თეირანი ერთმანეთს ჟენევაში ხვდებიან — ეს იმ ფონზე ხდება, როცა შტატებს ახლო აღმოსავლეთში უკვე ორი ავიამზიდი ჰყავს განლაგებული, ირანი კი ფართომასშტაბიან საზღვაო წვრთნებს ატარებს.
შვეიცარიის დედაქალაქში სამშაბათს ჩანიშნული შეხვედრის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ მასში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ.
გასულ კვირას ბადრ ალ-ბუსაიდი ირანის უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენელსაც შეხვდა. ბუსაიდი ამ მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. შეხვედრა, სავარაუდოდ, პირველი რაუნდის შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებს შეეხებოდა.
At the Munich Security Conference, #MSC2026 several bilateral meetings were held with partners to strengthen our relations and discuss key regional and global challenges. We reaffirmed our commitment to peace and security through dialogue, diplomacy, and respect for sovereignty… https://t.co/yQqQfBKanz
— Badr Albusaidi – بدر البوسعيدي (@badralbusaidi) February 14, 2026
„რეგიონული მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენი მოწოდებაა თავშეკავება და გონივრული კომპრომისი“, — დაწერა ალ-ბუსაიდიმ პლატფორმა X-ზე ალი ლარიჯანისთან შეხვედრის შემდეგ.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდამდე დონალდ ტრამპი ირანს ძალის გამოყენებით არაერთხელ დაემუქრა.
ირანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო იერიშს თავადაც განახორციელებს.
ორშაბათს თეირანმა ისიც გამოაცხადა, რომ მისმა რევოლუციურმა გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში, სპარსეთისა და ომანის ყურეებში წვრთნები დაიწყო.
დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ კარიბის ზღვიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება.

