მხარდაჭერა მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად — ამ მიზნებითა და გზავნილებით ეწვია გერმანიის პრეზიდენტი ლიბანს.
ბეირუთში ვიზიტის ფარგლებში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თავის ლიბანელ კოლეგას შეხვდა. ლიდერთა დისკუსიის საგანი იყო ის გზები, რომლებითაც მხარეებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მრავალწლიანი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტების დასრულებას.
შტაინმაიერმა ჟოზეფ აუნს მოუწოდა, მაქსიმალურად სწრაფად გატარდეს ადგილობრივი ტერორისტული დაჯგუფების — „ჰეზბოლას“ — განიარაღებისთვის აუცილებელი პროცედურები.
„აქ ვარ არა იმიტომ, რომ დრო გამომიჩნდა ლიბანში ჩამოსასვლელად, არამედ იმისთვის, რომ მკაფიოდ გითხრათ ამ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების თაობაზე ჩვენი ინტერესების შესახებ. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა.
არსებობს შეთანხმება „ჰეზბოლას“ განიარაღებისა და ლიბანიდან ისრაელის არმიის გაყვანასთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობამ საჯაროდაც არაერთხელ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ლიბანის ან მისი ნაწილის ოკუპაციას.
გერმანია მხარს უჭერს ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამიტომ ჩემი დღევანდელი ვიზიტი ნამდვილად ემსახურება იმას, რომ ორივე მხარისგან მოვითხოვო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამით სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის არმიის გასაყვანად პირობების შექმნა“, — განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინი განაგრძობს ლიბანის ხელისუფლების მხარდაჭერას მაშინაც, როდესაც ისრაელის საზღვრის გასწვრივ, გაეროს თითქმის 50-წლიანი სამშვიდობო მისიის ფარგლებში განლაგებული გერმანული სამხედრო კონტინგენტი ტერიტორიას მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს.
„სიამაყითა და ღირსებით ვიხსენებ თქვენს რვა წლის წინანდელ სიტყვებს. მაშინ თქვენ თქვით: „მჯერა, რომ ლიბანი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დიალოგი იყოს წარმატებული. ეს არის იმედისა და შთაგონების ადგილი“. მე კი ვამბობდი, რომ ლიბანელებმა მტკივნეული გამოცდილება აქციეს გადარჩენისა და ურთიერთგაგების ინსტრუმენტად.
ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ კვლავ ვეჭიდებით ამ საგანძურს და არასდროს შევწყვეტთ სწრაფვას გადარჩენისთვის. მე ვამბობდი, რომ მშვიდობა არ უნდა იქნას მიღწეული აბსოლუტურ პირობებზე დაჟინებით, არამედ მათზე უარის თქმით…
რამდენჯერ მოუწიათ ლიბანელებს ეცხოვრათ ძალადობრივი კონფლიქტების ფონზე? დღეს ლიბანელების სახელით გეუბნებით: ამ კონფლიქტებიდან ვერც ერთის მოგვარება ვერ შევძელით. არაფერი გვინდა, გარდა ჩვენი ხალხისა და მათი ოჯახების ინტერესებისა, ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისა“, — განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა ჟოზეფ აუნმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ბერლინმა საკუთარ თავზე აიღო ლიბანური თავდაცვითი სისტემის გაძლიერება როგორც პირადი შემადგენლობის გადამზადების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტიც.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბეირუთი მოითხოვდა, გაეროს სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ ლიბანის სამხრეთ ნაწილში სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელებულიყო, რისთვისაც ახლო აღმოსავლური ქვეყნის ძირითადი ადრესატი სწორედ გერმანია იყო.
მას შემდეგ, რაც მეზობელ სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო, ლიბანმა უფრო აქტიურად დაიწყო ძალისხმევა დასავლურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების აღსადგენად.
ქვეყნის ვიცე-პრემიერის განცხადებით, დამასკოს დიქტატორული მმართველობა წლების განმავლობაში ზეწოლის გზით ცდილობდა ლიბანის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრას.
ლიბანელი მაღალჩინოსნის განმარტებით, ბეირუთის პოლიტიკურ მმართველობაზე კონტროლი ფაქტობრივად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ჰქონდა მოპოვებული.

