მთავარიაზიაირანი„არ მგონია, ის შედეგები სურდეთ, შეთანხმებაზე უარს რომ მოჰყვება” - ტრამპის კიევ...

„არ მგონია, ის შედეგები სურდეთ, შეთანხმებაზე უარს რომ მოჰყვება” – ტრამპის კიევ ერთი გზავნილი თეირანს

„ვფიქრობ, მათ შეთანხმების დადება უნდათ. არ მგონია, ის შედეგები სურდეთ, რასაც მასზე უარის თქმა მოჰყვება“, — ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ირანს „ცუდ მომლაპარაკებელს“ უწოდებს.

დონალდ ტრამპი კვლავ ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეზღუდავს და ამერიკის შეერთებულ შტატებს გარანტიას მისცემს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.

ორშაბათს საღამოს, ვაშინგტონში მიმავალმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებს Air Force One-ის ბორტზე უპასუხა.

„როგორც წესი, ირანთან მოლაპარაკება რთულია“, — თქვა მან. თავდაპირველად ირანი „კარგ მომლაპარაკებლად“ მოიხსენია, შემდეგ კი საკუთარი სიტყვები თავადვე შეასწორა და აღნიშნა, რომ თეირანს მოლაპარაკებები კარგად რომ ეწარმოებინა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში ბირთვული პოტენციალის გასანადგურებლად ბომბდამშენების გაგზავნა არ მოუწევდა.

კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიანიშნა, რომ თეირანი შესაძლოა კომპრომისისთვის მზად იყოს, თუმცა სანაცვლოდ რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება უნდა მიიღოს.

„ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ირიბად ვიქნებით ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვნახავთ, რა შეიძლება მოხდეს. ზოგადად, ეს საკმაოდ რთული მოლაპარაკებებია. ისინი კარგი მომლაპარაკებლები არიან თუ ცუდი… მე ვიტყოდი, რომ ცუდი, რადგან შეგვეძლო შეთანხმება დაგვედო, ნაცვლად იმისა, რომ B-2 ტიპის ბომბდამშენები გაგვეგზავნა მათი ბირთვული პოტენციალის გასანადგურებლად. B-2-ების გაგზავნა მოგვიწია. იმედი მაქვს, რომ ისინი მეტ გონივრულობას გამოიჩენენ. მათ შეთანხმების დადება სურთ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა უპასუხა კუბასთან დაკავშირებულ კითხვებსაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნავთობის ბლოკადასთან დაკავშირებით კუბასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გამო ქვეყანაში ამჟამად საწვავის მწვავე დეფიციტია.

იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით დაემუქრა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც კუბას ნავთობს მიჰყიდდა, რადგან ვაშინგტონი კუნძულის კომუნისტურ მთავრობაზე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად ზეწოლას აძლიერებს.

„მათ აუცილებლად უნდა დადონ შეთანხმება, რადგან ეს ნამდვილად ჰუმანიტარული საფრთხეა“, — განაცხადა ტრამპმა ორშაბათს.

კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი, ამერიკის შეერთებულ შტატებს „ენერგეტიკული ბლოკადის“ მოწყობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის, თუმცა არა ზეწოლის პირობებში, არამედ „როგორც თანასწორი“ — ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის გარეშე.

დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ კუბა ამჟამად წარუმატებელი სახელმწიფოა და რომ მათ ვაშინგტონთან შეთანხმება აუცილებლად უნდა დადონ.

„კუბა ამჟამად წარუმატებელი სახელმწიფოა. მათ თვითმფრინავების აფრენისთვის საწვავიც კი არ აქვთ. მათი ასაფრენი ბილიკები გაჭედილია. ჩვენ ახლა კუბასთან ვსაუბრობთ. მარკო რუბიო მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. აუცილებლად უნდა დადონ შეთანხმება, რადგან ეს უკვე ჰუმანიტარული საფრთხეა.

ჩვენ ბევრი შესანიშნავი კუბელი ამერიკელი გვყავს და ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან, რომ უკან დაბრუნებას, ნათესავების მონახულებას — იმის გაკეთებას შეძლებენ, რისი უფლებაც დიდი ხნის წინ უნდა ჰქონოდათ. მე ძალიან მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც აქ არიან და რომელთაც ფიდელ კასტრო და კუბის ხელისუფლება ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მათ საშინლად ეპყრობოდნენ. ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. მაგრამ კუბასა და ჩვენ შორის დიალოგი მიმდინარეობს. ამასობაში კი არსებობს ემბარგო — არ არის ნავთობი, არ არის ფული, არ არის არაფერი“, — განაცხადა ტრამპმა.

ხოლო კითხვას, განიხილავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კუბაში იმავეს გამეორებას, რაც ვენესუელაში მოხდა, თუკი შეთანხმება ვერ მიიღწევა, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა:

„ამაზე პასუხის გაცემა არ მინდა. რატომ უნდა გიპასუხოთ? რთული ოპერაცია არ იქნებოდა, როგორც თავადაც მიხვდებით. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს საჭირო იქნება.“

დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ვენესუელის ლიდერის, დელსი როდრიგესის განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც ნიკოლას მადურო კვლავ ვენესუელას ლეგიტიმური პრეზიდენტია.

„ვფიქრობ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ალბათ ამის თქმა სჭირდება. შესაძლოა, ეს მისი პოლიტიკური აუცილებლობაა. მაგრამ ვენესუელასთან ურთიერთობა… ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მისი განცხადება სრულიად გასაგებია ჩემთვის.“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე იანვრის დასაწყისში, კარაკასში ჩატარებული ოპერაციისას დააკავა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიაზე სანქციების შემსუბუქების ფონზე, ვენესუელას ავტორიტარული ხელისუფლება ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის ქვეშ რჩება, რათა პოლიტიკური რეფორმები გაატაროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend