უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერეციაზე ვიზიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების სენატორთა ორპარტიულ დელეგციას შეხვდა, დელეგატებს შორის იყვნენ ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენტალი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შესახებ აცნობა და დასძინა, რომ ენერგომდგრადობის გასაძლიერებლად უკრაინას დამატებითი გენერატორები და ტრანსფორმატორები სჭირდება. განხილულ თემებს შორის იყო ასევე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები და გრემისა და ბლუმენტალის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
ამ იდეას მხარს უჭერს რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები.
„არ მგონია, რომ მალე გავაფორმებთ შეთანხმებას. ჩემი აზრით, პუტინი არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ვფიქრობ, ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში დონბასს დაიკავებს. პუტინი არ გაჩერდება. ამიტომ ზეწოლა კი არ უნდა შევასუსტოთ, არამედ გავაძლიეროთ“. – ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.
დონალდ ტრამპი ჯერჯერობით თავს იკავებს დამატებითი სანქციების დაწესებისგან, რადგან იგი ცდილობს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. თუმცა, ადრე მან განაცხადა, რომ გარკვეულ ზომებს მიიღებდა, თუ რუსეთი არ დასთანხმდებოდა ზავს.
შეხვედრის დროს ზელენსკიმ ლინდსი გრემსა და რიჩარდ ბლუმენტალს უკრაინის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, იაროსლავ ბრძენის ორდენი, გადასცა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს.

