მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ, სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავა ქვეყნის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გერმან გალუშჩენკო.

სამართალდამცავი სტრუქტურების თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება უკავშირდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ატომური ელექტროსადგურის, „ენერგოატომის“ ირგვლივ მიმდინარე მრავალთვიან გამოძიებას, რომელიც იკვლევს მასშტაბური ორგანიზებული კორუფციის სქემას.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2021 წლის თებერვალში, ბრიტანულ კუნძულ ანგილიაზე ფონდი დაარეგისტრირეს, რომლითაც „ინვესტიციების“ სახით გეგმავდნენ დაახლოებით 118 მილიონი ევროს მოზიდვას.

ამასთან, „ინვესტორთა“ შორის უნდა ყოფილიყო ენერგეტიკის იმდროინდელი მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ოჯახი.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ფონდის ანგარიშებს სწორედ ამჟამად დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახი აკონტროლებდა და მასზე გადაირიცხა 8.8 მილიონი ევროს ოდენობის თანახა, ხოლო ფულადი სახსრების ნაწილი დაიხარჯა საუკეთესო შვეიცარიულ სასწავლო დაწესებულებებში ყოფილი მინისტრის შვილების განათლებასა და მისი მეუღლის ანგარიშზე გადარიცხვაზე, თანხის ნაწილი კი ოჯახმა დაიტოვა „პირადი მოხმარებისთვის, დამატებითი შემოსავლის მისაღებად“.

გამოძიების ვერსიით, დიდი ოდენობით ფულად თანხას სხვადასხვანაირი მეთოდით ანაღდებდნენ, მათ შორის კრიპტოვალუტისა და ფონდში „ფსევდოინვესტიციების“ მობილიზებით.

2025 წლის ნოემბერში უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ გაჩხრიკა „ენერგოატომთან“ დაკავშირებული ობიექტები, ასევე მოიპოვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

შედეგად, გაირკვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი სახელმწიფო ენერგოკომპანიასთან, ენერგოინფრასტრუქტურის დაცვის საკითხებზე გაფორმებული თითოეული გარიგებიდან თანხის საერთო ოდენობის დაახლოებით 10-15%-ს ითვისებდა, რის გამოც უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ეს კი იმ დროს, როდესაც რუსული აგრესიის სამიზნე ენერგოსექტორის მოშლის გამო, უკრაინაში მილიონობით მოქალაქე, მკაცრ კლიმატურ პირობებში ატარებს დღეებს, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე.

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, წლიურად 4 მილიარდი ევროს შემოსავლის მქონე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს მართავდა არა სახელმწიფო, არამედ, ფაქტობრივად, ფორმალური უფლებამოსილებების მქონე რამდენიმე უცნობი პირი.

უწყების თანახმად, გამოძიების ფარგლებში, უკრაინული მხარე მსოფლიოს 15 სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, თუმცა სამართალდამცავთა მოქმედებების პირველადი ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის სავარაუდო ორგანიზატორად სახელდება ტიმურ მინდიჩი, წარსულში ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის წევრი.

გერმან გალუშჩენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 2021-2025 წლებში იკავებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend