15 თებერვალს საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში დამანგრეველმა შტორმმა შეფერხებები გამოიწვია, სამხრეთ-დასავლეთში კი წყალდიდობის საფრთხე შექმნა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში შტორმ „ნილსს“ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ისეთი ქალაქების დეპარტამენტები, როგორებიცაა ჟირონდა და ლო და გარონა.
ვრცელდება ქალაქ მარმანდის კადრებიც, რომლებშიც ნაჩვენებია წყალდიდობით გამოწვეული ზიანი, ქალაქის ქუჩები დატბორილია, წაქცეულია ხეები.
აკვიტანიის ახლომდებარე ქალაქ ლა-რეოლიდან გადაღებულ კადრებშიც ჩანს წყალიდოდების შედეგად დატბორილი ქუჩები. მაშველები სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ. ისინი წყლის მაღალი დონის გამო ნავებით გადაადგილდებიან.

ენერგოქსელის ოპერატორმა კომპანიამ „ენედისმა“ განაცხადა, რომ შტორმის გამო პიკის დროს 900 000-ამდე მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა; 13 თებერვალს დილისთვის დაზარალებულთა დაახლოებით ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურების 3000-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის 2100 ტექნიკოსი.
საფრანგეთში შტორმი 11 თებერვალს საღამოს გვიან დაიწყო და ქვეყნის დასავლეთ ნაწილს გადაუარა, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსა და კორსიკისკენ გადაინაცვლა. „Météo-France“-ის ცნობით, შტორმი, რომელმაც აღმოსავლეთის მიმართულებით ევროპისკენ გადაინაცვლა, უჩვეულოდ ძლიერი იყო.
შტორმმა ასევე დააზარალა პორტუგალია და ესპანეთი. ხელისუფლების ცნობით, ესპანეთში ერთი ქალი დაიღუპა საწყობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად.
უამინდობისას ესპანეთში ათეულობით ადამიანი დაშავდა. პორტუგალიაში კი წყალდიდობის გამო ერთ-ერთი გზატკეცილის ნაწილი ჩაინგრა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირენეს ნახევარკუნძულს რამდენიმე შტორმმა გადაურა. უხვი ნალექის შედეგად კი წყალდიდობები წარმოიქმნა, რასაც მსხვერპლი, ფართომასშტაბიანი ზიანი და ნგრევა მოჰყვა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ქმედებებით გამოწვეული კლიმატის ცვლილება ზრდის ექსტრემალური ამინდის ხანგრძლივობას, მოვლენების ინტენსივობასა და სიხშირეს.

