მთავარიმსოფლიოაშშ და უნგრეთი სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

აშშ და უნგრეთი სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

უნგრეთის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური ევროპის ორ სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტს ეწვია.

ვიქტორ ორბანისადმი დონალდ ტრამპის მიერ ღიად დაფიქსირებული პოლიტიკური მხარდაჭერის შემდეგ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა მას „ნამდვილად ძლიერი და გავლენიანი ლიდერი“, ასევე „ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებული“ უწოდა, ექსპერტების ნაწილი ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს სხვაგვარად უყურებს.

მათი შეფასებით, ბუდაპეშტში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის შეხვედრა, შესაძლოა, აღქმული იქნას როგორც უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად გადადგმული მორიგი ნაბიჯი.

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღრმად არის დაინტერესებული თქვენი წარმატებით, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ, ცენტრალურ ევროპაში, თქვენი მეშვეობით გვაქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში, ამიტომ, თუ ფინანსურ სირთულეებს ან ეკონომიკური ზრდის გზაზე დაბრკოლებებს წააწყდებით, თუ თქვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე შეექმნება, ვიცი, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებული იქნება თქვენთვის დახმარების გაწევის გზების პოვნით…

ახლა შევდივართ ჩვენი ქვეყნების ოქროს ხანაში, არამხოლოდ ერებს შორის ურთიერთობების, არამედ პრეზიდენტ ტრამპთან თქვენი ურთიერთობის დამსახურებითაც.

ვფიქრობ, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, როგორ არის განწყობილი პრეზიდენტი თქვენდამი, როგორ იყო განწყობილი თავისი პირველი ვადის განმავლობაში და როგორ განმტკიცდა ეს კავშირები მეორე ვადის პირობებში. იმ პიროვნულმა კავშირმა, რომელიც თქვენ დაამყარეთ პრეზიდენტთან, უდიდესი განსხვავება შეიტანა ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და, იმედია, ეს ურთიერთობი კიდევ უფრო განმტკიცდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონი და ბუდაპეშტი სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ევროპული სახელმწიფოს მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

მხარეები ელიან, რომ ამ მიმართულებით კოოპერაციის დაწყება, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დასახული სტრატეგიული მიზნების სისრულეში მოყვანასა და ბირთვული საშუალებების მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას.

„ეს კვირა კარგად დაიწყო. ჯერ მხოლოდ ორშაბათია და უკვე შედგა მეგობრული და ძალიან სერიოზული საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოდის. ეს ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით გასული წლის ნოემბერში აშშ-ში ჩვენი ვიზიტის დროს.

განვიხილეთ და გადავაფასეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ამიტომ მეც ვეჩვევი ახალ გამოთქმებს. შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში ახალი ოქროს ხანა დადგა…

რაც შემეხება მე, დავარწმუნე სახელმწიფო მდივანი ბატონი რუბიო, რომ, მიუხედავად იმისა, რა კონფლიქტებს გამოიწვევს ეს, უნგრეთი კვლავაც მხარს დაუჭერს, აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის მშვიდობისთვის.

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე მეტი გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და უნდა გავიმეორო, თუმცა ყველამ იცის, რომ დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ევროსკეპტიკურად და ნაციონალისტურად განწყობილი ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია Fidesz-ისთვის 12 აპრილის არჩევნები 2010 წლის შემდეგ, იქნება პირველი სერიოზული გამოცდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება და კრემლთან მას თბილი ურთიერთობები არც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაუწყვეტია.

ბუდაპეშტს რუსეთთან არც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა შეუჩერებია და ის კვლავ დამოკიდებულია რუსულ ენერგოპროდუქტებზე, ევროკავშირისგან სანქციების შესახებ მუქარების მიუხედავად.

მოსკოვთან გაძლიერებული კომუნიკაციის ფონზე, ბუდაპეშტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთანაც ცდილობდა, პირველივე დღიდან ერთ-ერთ მთავარ ევროპელ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო, რასაც ვაშინგტონის მხრიდან პასუხი მოჰყვა.

დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ვიქტორ ორბანის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა, ის და სხვა ამერიკელი კონსერვატორები მიესალმნენ ხისტ და წინააღმდეგობრივ მიდგომას ლგბტქ+ თემის მიმართ, რაც მათ შორის გამოიხატა ერთნაირსქესიანთა ქორწინებების აკრძალვით.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი და, ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი გახდა, რომელიც დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გააწევრიანეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend