მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეაNIS: ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის თინეიჯერ ქალიშვილს მემკვიდრედ დაასახელებს

NIS: ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის თინეიჯერ ქალიშვილს მემკვიდრედ დაასახელებს

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა ხუთშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინის თინეიჯერი ქალიშვილის ჩრდილოეთ კორეის მომდევნო ლიდერად ოფიციალურად დასახელება ახლოსაა.

ეს ინფორმაცია მაშინ ვრცელდება, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ემზადება პოლიტიკური კონფერენციის ჩატარებისთვის, სადაც კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მომდევნო ხუთი წლის მთავარ პოლიტიკურ მიზნებს წარადგენს.

დახურულ ბრიფინგზე სამხრეთკორეული დაზვერვის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან, გამოჩნდება თუ არა კიმის ქალიშვილი — რომელსაც, სავარაუდოდ, კიმ ჩუ აე ჰქვია და დაახლოებით 13 წლისაა — მასთან ერთად ათასობით დელეგატის წინაშე მუშათა პარტიის მომავალ ყრილობაზე. ამის შესახებ შეხვედრის მონაწილე დეპუტატმა ლი სონ გვონმა განაცხადა.

„ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, კიმ ჩუ აე მემკვიდრედ დანიშვნის ეტაპზე გადავიდა. მათი შეფასება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა — მათ შორის მისი ცნობადობის ზრდას ისეთი საჯარო გამოჩენების ფონზე, როგორიც ბოლო დროს საჰაერო ძალების წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე დასწრება და კუმსუსანის მზის სასახლის მონახულება იყო; ასევე ნიშნებს იმის თაობაზე, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ზომებთან დაკავშირებით იგი საკუთარ მოსაზრებებსაც გამოხატავს.

დაზვერვის კომიტეტის წევრის რანგში დღეს მოვისმინე შეფასება, რომელიც ერთი ნაბიჯით წინაა იმ კონცეფციასთან შედარებით, რომელსაც დაზვერვის სამსახური ადრე იყენებდა. წარსულში ისინი ამბობდნენ, რომ კიმ ჩუ აე მემკვიდრეობისთვის მომზადებას გადიოდა, მაგრამ დღეს მათ ამგვარი ფორმულირება გამოიყენეს: ჩრდილოეთ კორეა მის მემკვიდრედ დანიშვნის პროცესშია“, — განაცხადა ლი სონ გვონმა.

კიმ ჩუ აე საჯაროდ პირველად 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა. მას შემდეგ იგი მამას სულ უფრო ხშირად ახლავს თან სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის სამხედრო აღლუმებსა და ქარხნების გახსნაზე.

გასული წლის სექტემბერში ის მამასთან ერთად პეკინშიც გაემგზავრა.

მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ საუბარი გასულ თვეში გაძლიერდა. ახალი წლის დღეს იგი მშობლებთან ერთად ფხენიანში კუმსუსანის მზის სასახლეს ეწვია.

ზოგიერთმა ექსპერტმა ეს ვიზიტი ყველაზე მკაფიო ნიშნად მიიჩნია იმისა, რომ იგი 42 წლის მამის მემკვიდრედ განიხილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend