ირანი და შეერთებული შტატები ომანში მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. განხილვის მთავარი თემა თეირანის ბირთვული პროგრამაა. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გასულ კვირას მოლაპარაკებების ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა და რეგიონული ქვეყნების ჩართვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ირანელი დიპლომატების დელეგაციასთან ერთად, მუსკატში ღამით ჩავიდა.
როგორც ცნობილია, წინა რაუნდები, რომლებიც ივნისში იყო დაგეგმილი, ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული 12-დღიანი სამხედრო დაპირისპირების ფონზე გაუქმდა. კონფლიქტის დროს შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანა, რამაც, ვაშინგტონის შეფასებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ურანის გამამდიდრებელ ინფრასტრუქტურას.
ისრაელის თავდასხმებმა ასევე სერიოზულად დააზარალა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა და ბალისტიკური რაკეტების არსენალი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანის მმართველი სისტემა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია. გასულ თვეს ქვეყანაში გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, მათი თქმით, უდიდესი პრობლემა შეუქმნა 86 წლის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხელისუფლებას.
უსაფრთხოების ძალებმა პროტესტს მკაცრი ძალის გამოყენებით უპასუხეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, დაღუპულია ათასობით ადამიანი, ათიათასობით კი დაკავებულია. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მუქარის შესახებაც ისაუბრა.
რეგიონში უკვე განთავსებულია ავიამზიდი USS Abraham Lincoln, სხვა სამხედრო ხომალდები და დამატებითი გამანადგურებლები, რომლებიც შეერთებულ შტატებს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობას აძლევს.
თუმცა, რამდენად შეცვლის ირანის პოლიტიკას ან დაასუსტებს ხელისუფლებას სამხედრო ზეწოლა, ამ ეტაპზე გაურკვეველია.
დონალდ ტრამპს ირანთან პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს, თუმცა დასძენს, რომ ვაშინგტონი მზად არის სხვა სცენარებისთვისაც. ამის შესახებ ომანში დაგეგმილი აშშ–ირანის მაღალი დონის მოლაპარაკებების წინ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.
„დიპლომატიური პროცესი წინ მიიწევს. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი მოთხოვნები ირანის რეჟიმის მიმართ. ნულოვანი ბირთვული შესაძლებლობა არის ის, რაზეც ის პირდაპირ საუბრობს. მას სურს, ნახოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ამ მოლაპარაკებების პარალელურად კი მინდა შევახსენო ირანის რეჟიმს, რომ პრეზიდენტს, როგორც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მთავარსარდალს, დიპლომატიის გარდა, მრავალი სხვა შესაძლებლობაც აქვს“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინა ლევიტმა.
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიურ დიალოგს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი:
დოჰაში ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა თეირანს მოუწოდა, შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები და შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიმართულებით. გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აუცილებელია რეგიონული ქვეყნების, მათ შორის კატარის, იორდანიისა და ისრაელის დაცვა შემდგომი სამხედრო მუქარისგან.
მერცის განცხადებით, ბერლინი მზად არის, ირანზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს, თუ დიპლომატიური პროცესი შედეგს არ გამოიღებს. მანამდე გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში სასურველი იქნება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ირანის ხელმძღვანელობას, რეალურად ჩაერთოს მოლაპარაკებებში, შეწყვიტოს აგრესია, დაასრულოს ბირთვული პროგრამა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად და, რაც მთავარია, დაიცვას ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა კატარი, იორდანია და ისრაელი, შემდგომი სამხედრო მუქარისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უახლოეს დღეებში წარმატებით დასრულდეს, მათ შორის ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
კანცლერის თქმით, რეგიონში სამხედრო ესკალაციის საფრთხის გამო შეშფოთება იზრდება, რის გამოც დიპლომატიური ძალისხმევა უახლოეს საათებში გააქტიურდება, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართულობით.

