პალესტინელების შემდეგი ჯგუფი, რომელიც ღაზაში 5 თებერვლის გამთენიისას დაბრუნდა, ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ჩავიდნენ. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ეგვიპტესთან მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ხელახლა გაიხსნა.
ჯგუფი ავტობუსით ჩავიდა, რომელსაც გაეროს მანქანები აცილებდნენ. ადგილზე მათ ნათესავები დახვდნენ. სამმა ქალმა, რომლებმაც ორშაბათს ღაზაში გადასვლა შეძლეს, მედიასთან იმ ტანჯვის შესახებ ისაუბრეს, რაც ამ დროის განმავლობაში განიცადეს.
„ისრაელელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გამშვებ პუნქტთან ჩავედით და იქ ექვსი საათი დავრჩით. მათ ჩემი ტელეფონი და სხვა ყველაფერი აიღეს, რაც თან მქონდა, და შესანახად წაიღეს. ჩაიწერეს ჩემი სრული სახელი და ასაკი, დაგვკითხეს და შემდეგ გვალოდინეს. თხუთმეტი წუთის შემდეგ წაგვიყვანეს, თვალები აგვიხვიეს, ხელები შეგვიკრეს და ისეთ ადგილზე გადაგვიყვანეს, სადაც ვერაფერს ვხედავდით. გვითხრეს, რომ ყველას იძულებით წაგვიყვანდნენ და ზღვაში გადაგვყრიდნენ. ხოლო ეს მიწა მათია. მე ვუთხარი, რომ ეს მათი ქვეყანა არ არის — ეს ჩვენი ქვეყანაა. დიდი ტანჯვა იყო,“- ამბობს, ერთ-ერთი დაბრუნებული, რანა ალ ლუჰი.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ორშაბათს გაიხსნა ჰუმანიტარული მიზნებისა და ადამიანების გადაადგილებისთვის. თუმცა, შეზღუდული რეჟიმით. ოთხშაბათს შუადღემდე სასაზღვრო პუნქტი არავის გადაუკვეთავს. გადასასვლელზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები და პალესტინელი თანამშრომლები. უცნობია როდემდე გაგრძელდება ეს რეჟიმი.

