უკრაინის საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალებმა განაახლეს თავდასხმა უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე. ქალაქ სუმიზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
სამხრეთ უკრაინაში, კერძოდ, ზაპორიჟიაში დაიღუპა ორი ადამიანი. დაშავდა რვა მოქალაქე, მათ შორის 15 წლის გოგო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც ცნობილია, რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზეც, სადაც საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღის შენობა და ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქში 1170 საცხოვრებელ კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი.
თავდასხმებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ხუთი რეგიონის დაბომბვა მოსკოვის კამპანიის ნაწილია. მათი მიზანია, სუსხიან ზამთარში მშვიდობიანი მოქალაქეები ელექტროენერგიის, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვონ. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების თავდასხმებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების რეაქციას ელოდება.
„ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას. თავად ამერიკის შეთავაზება იყო, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და ასეთ ცივ ზამთარში შეწყვეტილიყო ენერგეტიკის სექტორზე დარტყმები. ამას პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ითხოვდა. საპასუხოდ კი რუსეთმა რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ოთხ დღეზე ნაკლები გავიდა იმ კვირიდან, როდესაც რუსეთს ამ წინადადებით მიმართეს. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ეს შეეხება სხვა საკითხებსაც, რომელთა მოგვარებასაც რუსეთი გვპირდება. თუ ისინი ახლა არ შეასრულებენ თავიანთ სიტყვას, მაშინ რა შედეგს უნდა ველოდოთ? მათ ომამდეც იცრუეს, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყეს. ისინი ყველას მოტყუებას ცდილობდნენ უკრაინაში თავიანთი განზრახვის აღსასრულებლად. ახლაც, ასეთ დეტალებში, როცა ამერიკა ცდილობს შეთანხმების მიღწევას, რუსეთი ისევ იტყუება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მხარდაჭერის ნიშნად კიევს ეწვია. ამასთან, მეორე დღეს რუსეთი და უკრაინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ, აბუ-დაბიში, აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებს უნდა დაესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ეს მოლაპარაკება თითქმის ოთხი წლის წინ დაწყებული ომის დასრულებას ემსახურება.
ბოლო მონაცემებით, რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს დაახლოებით შორი მანძილის 450 საბრძოლო დრონი და სხვადასხვა ტიპის 70 რაკეტა გამოიყენა.

