რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ უკანასკნელ შეთანხმებას ვადა 5 თებერვალს ეწურება. ორი ყველაზე დიდი ატომური ქვეყნის არსენალზე ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად იხსნება შეზღუდვები.
ბევრი შიშობს, რომ ე.წ. „ახალი დასაწყისის“ ხელშეკრულების შეწყვეტა შეუზღუდავი ბირთვული შეიარაღების რბოლას გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს ხელშეკრულების პირობები, თუ ვაშინგტონიც თანახმა იქნება. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ იღებს გახანგრძლივების ვალდებულებას.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, დონალდ ტრამპი ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მისთვის შესაფერის დროს მიიღებს.
„მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემდგომი რბოლის თავიდან ასაცილებლად და პროგნოზირებადობისა და თავშეკავების მისაღები დონის უზრუნველსაყოფად, ამ საკმაოდ მღელვარე პერიოდში გამართლებულია „ახალი დასაწყისის” ხელშეკრულებით დადგენილი სტატუს-კვოს შენარჩუნება. ამიტომ რუსეთი მზადაა, 2026 წლის 5 თებერვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი შეზღუდვები. თუმცა ამ ზომას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ შეერთებული შტატებიც ანალოგიურად იმოქმედებს“.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 2 თებერვალს განაცხადა, რომ ტრამპსაც სურს ბირთვულ შეიარაღებაზე შეზღუდვების შენარჩუნება და ასევე ჩინეთის ჩართვა შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ თავად ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა.
„მე ამ კონფერენციას ძირითადად ჩინეთსა და რუსეთთან გავმართავ, რადგან ეს ორია ძირითადი აქტორი. ჩვენ გვსურს, იმის მიღწევა, რომ მათაც და ჩვენც ნაკლები ფული დავხარჯოთ. ვიცი, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ისინი ამას უკვე დასთანხმდნენ. ჩვენ ვსაუბრობდით ბირთვული შეიარაღების განთავსების შემცირებაზე, პრეზიდენტი პუტინი და მე შევთანხმდით, რომ ამას მასშტაბურად გავაკეთებდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტმა.
მაგრამ პეკინი ეწინააღმდეგება თავის მცირე, თუმცა მზარდ ბირთვულ არსენალზე ნებისმიერ შეზღუდვას.
შეიარაღებაზე კონტროლის მხარდამჭერები დიდი ხანია, გამოთქვამენ შეშფოთებას „ახალი დასაწყისის“ ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს, გააღვივოს გლობალური არასტაბილურობა და გაზარდოს ბირთვული კონფლიქტის რისკი.
ვაშინგტონში შეიარაღების კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დერილ კიმბალმა, განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა შეიარაღების უფრო ფართო განლაგებას წაახალისებს.
„5 თებერვალი ისეთივე იქნება, როგორიც 4 თებერვალი. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვაღელვებდეს შემდეგი და მომავალი წლებიც, ასევე ის მიმართულება, რომლისკენაც მივდივართ. ვგულისხმობ, რომ ეს გლობალური ბირთვული კონკურენციის გაცილებით სახიფათო პერიოდში გადასვლის პოტენციური მომენტია, რომლის მსგავსიც ჩვენს ცხოვრებაში არ გვინახავს“, – ამბობს დერილ გ. კიმბალი – შეიარაღების კონტროლის ასოციაციის (ACA) აღმასრულებელი დირექტორი.
კიმბალი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ ბირთვული გამოცდების განახლება, სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთს, ანალოგიურად უპასუხოს, ასევე სხვებსაც, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთს, მიჰყვნენ იმავე მაგალითს:
„ისინი, სავარაუდოდ, „ოქროს გუმბათს“ უპასუხებენ შეტევითი იარაღის რაოდენობის გაზრდით, რათა სისტემა გადატვირთონ და დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ ბირთვული იარაღით საპასუხო მოქმედების შესაძლებლობა. ასე რომ, ეს არ შეუწყობს ხელს ბირთვული შეიარაღების რბოლის შენელებას. სინამდვილეში, ის დააჩქარებს მას“.
„ახალი დასაწყისის“ ხელშეკრულება, რომელსაც 2010 წელს ხელი პრეზიდენტ ბარაკ ობამამ და მისმა რუსმა კოლეგამ დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს, თითოეულ მხარეს არაუმეტეს 1550 ბირთვული ქობინისა და საბრძოლო მზადყოფნაში არსებული 700-ამდე რაკეტისა და ბომბდამშენის გამოყენების უფლებას აძლევდა..
თავდაპირველად, ხელშეკრულების ბოლო ვადა 2021 წლით იყო განსაზღვრული, თუმცა ის ხუთი წლით გახანგრძლივდა.

