რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ეკონომიკურ საკითხებზე შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასული წლის განმავლობაში 1%-მდე შენელდა.
„თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს შენელება არა მხოლოდ მოსალოდნელი იყო – არამედ შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ხელოვნურადაც გამოწვეული“, – განაცხადა პუტინმა ოფიციალური პირებისადმი მიმართვისას.
მისი განმარტებით, ეს ინფლაციის შემცირებისკენ მიმართულ მიზანმიმართულ ნაბიჯებთანაა დაკავშირებული.
„გასულ წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1 პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი დაბალია იმ ზრდის ტემპთან შედარებით, რომელიც ადრე გვქონდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2023-2024 წლებში ზრდა 4.11 და 4.31% იყო. თუმცა ვიცით ისიც, რომ ეს შენელება არა მხოლოდ მოსალოდნელი იყო – არამედ შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ხელოვნურადაც გამოწვეული. ეს უკავშირდება მიზანმიმართულ ზომებს ინფლაციის შესამცირებლად.
წლის დასაწყისში ინფლაცია ოდნავ მართლაც გაიზარდა. 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წლიურად იგი 6.41 პროცენტს შეადგენდა. ესეც მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ საგადასახადო სისტემის რეორგანიზაციას, განსაკუთრებით დღგ-ის ზრდას უკავშირდება”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მთავრობისა და ცენტრალური ბანკის გამოთვლებით, ამ ცვლილებების გავლენა ფასებზე „მოკლევადიანი“ იქნება.

