ირანის ქალაქ იეზდში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მთავრობამ უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ თავად სამთავრობო მედია იტყობინება. იეზდის პოლიცია კი ამტკიცებს, რომ დაკავებულები არეულობის ორგანიზებასა და წაქეზებაში მონაწილეობდნენ და კონტაქტები ჰქონდათ ქვეყნის გარეთ მოქმედ ქსელებთან. მათი ეროვნება ამ დრომდე უცნობია.
ეროვნული ვალუტის რღვევისა და გაზრდილი ფასების ფონზე, თეირანში პროტესტი გასული წლის მიწურულს დაიწყო, მალევე მან მთელი ქვეყანა მოიცვა და ირანული თეოკრატიის წინააღმდეგ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში ითარგმნა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური პროტესტი გახდა ქვეყანაში. ამას ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ ძალადობით უპასუხა. თავად ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ გარდაცვლილია 3 000 ადამიანი, თუმცა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ შესაძლოა ეს რიცხვი ათჯერ მეტი იყოს.
ამ ყველაფრის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლებთან, სტივე ვიტკოფთან და ჯარეტ კუშნერთან შესახვედრად ემზადება. აუდიენცია სტამბოლში პარასკევს შედგება. მოლაპარაკებები ტავად ირანმა მოითხოვა, მას შემდეგ რაც თეთრი სახლი მას მძიმე საპასუხო ზომებით დაემუქრა. ახლა ვაშინგტონი გარიგების მოლოდინშია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება. ჯერ კიდევ მაგიდაზეა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ვარიანტიც, თუმცა თეთრ სახლში ამას უკიდურეს ზომად განიხილავენ.
„შეხვედრებზე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ იქნება ერთზე მეტი შეხვედრა. მოლაპარაკებები პროცესშია, მსურს რამეს მივაღწიოთ, ვნახოთ, გამოვა თუ არა ეს. მათ ჰქონდათ შანსი ემოქმედათ მანამდეც, თუმცა ამან არ იმუშავა. შემდეგ კი იყო ოპერაცია „შუაღამის ურო“, როდესაც მათი ბირთვული ინფრასტრუქტურა წარმატებით დაიბომბა. არა მგონია, სურდეთ ეს ისევ განმეორდეს, მაგრამ მათ სურთ მოლაპარაკება და დიახ, ამჟამად ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
პროტესტზე ძალადობრივი პასუხის გამო თეირანი საერთაშორისო ზეწოლას განიცდის არა მხოლოდ აშშ-სგან, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისგანაც. ქვეყნების ნაწილმა ირანის ხელისუფლების ოფიციალურ პირებს სანქციები უკვე დაუწესა, მუშავდება დამატებითი ზომებიც.

