მთავარიაზიაღაზაღაზაში პალესტინელების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა

ღაზაში პალესტინელების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა

კვირის დასაწყისში რაფაჰის გამშვები პუნქტის გაიხსნის შემდეგ ოთხშაბათს ღაზაში პალესტინელების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა.

„ემიგრაცია არ გაბედოთ! არავინ უნდა წავიდეს! საკმარისია ტანჯვა. ორი წელია, აგონიაში ვართ – ტკივილში, საავადმყოფოებში, სიღარიბეში.

ყველაფერი დამღლელია. მთელი გზა. გუშინ ორ საათზე გამოვედით და მას შემდეგ ფეხზე ვდგავართ. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს მთავარი პრობლემა არ არის. მთავარი ისაა, რომ დედა იქ დავტოვე – დედა, რომელიც ჩემთან ერთად იყო. მე ვბრუნდები, ის კი სიკვდილის პირასაა და უკან რჩება“, – ამბობს პალესტინელი სამაჰ ომრანი რაფაჰში დაბრუნების შემდეგ.

„სამი დღე  გზაში ვიტანჯეთ, ორიც გადასასვლელზე. ერთი ღამე იქ გავათენე. დღეს შუადღისას გამოგვიშვეს. 11 საათი გავიდა. გარკვეული დაბრკოლებები იყო. ვიღაც შეაჩერეს და ამან დაგვაგვიანა.

ნანგრევები დავინახე და გული მომიკვდა. ეს ძალიან მტკივნეულია. ჩვენი ქვეყნისგან არაფერი დარჩა. იმას, რაც ვნახე, ვერასდროს წარმოვიდგენდი“, – ამბობს კიდევ ერთი პალესტინელი, ფარესა ბარბახი.

სამშაბათს პალესტინელები რაფაჰის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ იმ იმედით, რომ საზღვრის გადაკვეთას შეძლებდნენ.

ეგვიპტის მხრიდან, ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, საზღვართან ის პალესტინელები მივიდნენ, რომლებმაც ისრაელ–ჰამასის ომისას ღაზა სამედიცინო დახმარების მისაღებად დატოვეს. ღაზის მხარეს კი ისინი შეიკრიბნენ, ვისაც ისეთი სამედიცინო დახმარება სჭირდება, რომელიც ღაზაში მიუწვდომელია.

ჩრდილოეთ სინაის გუბერნატორის ოფისმა სამშაბათს დაადასტურა, რომ პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების გარკვეულმა რაოდენობამ ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლა მოახერხა. თუმცა უცნობია, რამდენ ადამიანზეა საუბარი.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი დღეში მაქსიმუმ 50 პაციენტს მისცემს ღაზის დატოვების უფლებას – თითოეულს ორი ახლობლის თანხლებით. დღეში 50 პალესტინელს მიეცემა ღაზაში დაბრუნების შესაძლებლობაც.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზის სექტორში დაახლოებით 20 000 პალესტინელი იმედოვნებს ტერიტორიის დატოვებას, რათა სამედიცინო დახმარება მიიღოს. თუ მოქმედი კვოტები უცვლელი დარჩება, სამედიცინო დახმარებისთვის ამ ადამიანების ღაზიდან სრულად გაყვანას ერთი წელი მაინც დაჭირდება.

და რაც შეეხება მათ, ვისაც ღაზაში დაბრუნება სურს: გაეროს თანახმად, ომის განმავლობაში დაახლოებით 100 000 პალესტინელმა დატოვა ღაზის სექტორი. ბევრმა მათგანმა თავშესაფარი ეგვიპტეში იპოვა. ამ ტემპით, დევნილთა დაბრუნებას ხუთ წელზე მეტიც კი შეიძლება დასჭირდეს.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 150 საავადმყოფო მზადაა, მიიღოს პალესტინელი პაციენტები და დაჭრილები, რომლებიც უახლოეს დღეებსა და კვირებში ღაზიდან გავლენ.

ისრაელი აცხადებს, რომ ეგვიპტესთან ერთად შეამოწმებს ყველა იმ პირს, ვინც რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით დატოვებს ტერიტორიას.

ოფიციალური პირები ვადების დაკონკრეტების გარეშე მიანიშნებენ, რომ თუ სისტემა წარმატებით იმუშავებს, შესაძლოა დღიური კვოტა გაიზარდოს და გადასვლის უფლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

ისრაელმა რაფაჰის გადასასვლელი 2024 წლის მაისში, ჰამასთან ომის დაწყებიდან დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ დახურა. იგი 2025 წლის იანვარში ცეცხლის შეწყვეტისას რამდენიმე დღით მხოლოდ სამედიცინო ევაკუაციისთვის გაიხსნა, თუმცა სამოქალაქო გადაადგილებისთვის დახურული დარჩა.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით დაიდო, ისრაელი გადასასვლელის სრულად გახსნაზე კვლავ ყოყმანობდა.

თუმცა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ისრაელმა ღაზაში დარჩენილი ბოლო მძევლის ნეშტი დაიბრუნა, რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნასაც გაეხსნა გზა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend