დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მთავარ განსახილველ საკითხებს შორის არის რეგიონული უსაფრთხოება და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები.
სამიტს ესწრება 35 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე ათასობით წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნავაფ სალამი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს რომელიმე ძალის მიერ ლიბანის ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას. იგი გამოეხმაურა ,,ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დაჯგუფება ირანის მხარეს დადგება, თუ შეერთებული შტატები და ისრაელი თეირანს თავს დაესხმებიან.
„გარწმუნებთ, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილება კვლავ სახელმწიფომ მიიღოს. ამის მტკიცებულებაა ის, რომ 1969 წლის შემდეგ პირველად ლიბანის მთავრობას, ლიბანის არმიისა და შეიარაღებული ძალების მეშვეობით, სრული კონტროლი აქვს ქვეყნის სამხრეთზე.
„ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი ამბობს, რომ ირანს დაუჭერს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანა ახალ ავანტიურაში ჩაითრიოს. საკმარისია, რაც უკვე გამოვიარეთ. ჩვენ ჩავერთეთ ე.წ. ღაზის ომის მხარდაჭერის ავანტიურაში და ამის ფასი ლიბანისთვის უბრალოდ დიდი კი არა, ძალიან დიდი აღმოჩნდა. არავინ არის მზად, ქვეყანა მსგავსი რისკის ქვეშ დააყენოს“, – განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა.
ყოფილი დიპლომატისა და საგარეო პოლიტიკის მრჩევლის ანია მანუელის თქმით, სრულმასშტაბიანი ომი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, მისივე შეფასებით, ირანის რეჟიმს მეტი პასუხისმგებლობა მართებს.
„შეერთებულ შტატებსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ყველას სურს, რომ ირანელმა ხალხმა კეთილდღეობაში იცხოვროს. თუმცა ირანის რეჟიმი სამყაროს ემუქრება ბირთვული იარაღითა და რაკეტებით და საკუთარ ქვეყანაში ათიათასობით ადამიანს ხოცავს. ეს მიუღებელია.
მე არ ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება. კულისებს მიღმა დიდი სამუშაო მიმდინარეობს, რომ ეს ზღვარი არ გადაილახოს, თუმცა ირანის რეჟიმმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს”, – განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ანია მანუელმა.
ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევმა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში ბიზნესისა და ინვესტიციების განხორციელება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ევროკავშირს სჭირდება მეტი კონცენტრაცია საერთო ეკონომიკურ ეფექტიანობაზე და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერი.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკურად ბევრად უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა. ეს არის ტექნოლოგიური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და დემოგრაფიული ტრანსფორმაციის ეპოქა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს მსოფლიო საკმაოდ გამძლეც არის. 27 ქვეყნიდან თითოეულს თავისი „წითელი ხაზი“ აქვს. ევროპას ახლა სჭირდება დრო, რომ ეს ბარიერები მოხსნას და ყურადღება გაამახვილოს ერთიანი ეკონომიკური კავშირის ეფექტიანობაზე. ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება. ადამიანებს სურთ ევროპაში ბიზნესის კეთება, მაგრამ პროცესი ზედმეტად რთულია“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
სამიტი დუბაიში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ორგანიზატორების შეფასებით, ის მნიშვნელოვანი პლატფორმაა გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გარშემო ხედვის გასაზიარებლად.

