Space X-მა საკუთარი ტერმინალებიდან რუსული ძალების დაბლოკვა დაიწყო, რათა უკრაინის ქალაქებზე დრონებით თავდასხმისთვის Starlink-ის გამოყენება ვეღარ შეძლონ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის რეალურ შედეგებზეა ორიენტირებული.
„მადლობა ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯისთვის, Starlink-ის გამოყენებით რუსული დრონებით თავდასხმას უკრაინელები არ მოუკლავთ, ეს კი შეუფასებელია. Starlink-თან ერთად უკრაინამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი, რომელმაც სწრაფი შედეგი მოიტანა რუსულ დრონებთან ბრძოლაში. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ ავტორიზებული ტერმინალების დაშვება. რეგისტრაციის პროცესი იქნება მარტივი, სწრაფი, მეგობრული. დეტალებს უახლოეს დღეებში გაგაცნობთ. მადლობა სტარლინკს თანამშრომლობისა და უკრაინის პროაქტიური მხარდაჭერისთვის“, – წერს მიხაილო ფედოროვი.
ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის უწყებამ Space X-ს მას შემდეგ მიმართა, რაც გაჩნდა მტკიცებულება, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ „სტარლინკის” ტერმინალებს დრონებით თავდასხმისთვის იყენებდნენ ქვეყნის სიღრმეში მოსახვედრად. დრონების ამ კონკრეტულ სახეობას შეუძლიათ როგორც დაბლა ფრენა, ისე ელექტრონული დაბრკოლებების გვერდის ავლა და დიდი მანძილის დაფარვაც. Space X-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ რუსული ძალების მხრიდან Starlink-სატელიტური ინტერნეტის არაავტორიზებული გამოყენების აკრძალვამ კარგი შედეგი აჩვენა.
„როგორც ჩანს, ნაბიჯები, რომელიც რუსეთის მხრიდან არაავტორიზებული წვდომის შეზღუდვის მიმართულებით გადავდგით, უკვე მუშაობს. გვაცნობეთ, თუ მეტი იქნება გასაკეთებელი“, – აღნიშნავს ილონ მასკი.
უკრაინა ახლა Starlink-ის ტერმინალებს თეთრ სიაში ჩასვამს. ამიერიდან მასზე წვდომა მხოლოდ უკვე რეგისტრირებულ აქტიურ მოწყობილობებს ექნებათ, ეს ყველაფერი კი Space X-თან შეთანხმებით.
ეს ზომა თავის მხრივ დაცულ კომუნიკაციებსა და რუსეთის ტექნოლოგიური უპირატესობის შესუსტებას ემსახურება. სტარლინკი უკრაინაში სრულმასშტაბიანი რუსული ომის დაწყებისთანავე შეუცვლელ ინსტრუმენტად იქცა უკრაინისთვის, თავისი 50 000 მომარაგებული ტერმინალით ქვეყნის მასშტაბით.
