თეირანმა ევროკავშირის ყველა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა, რათა ბლოკის ბოლო გადაწყვეტილება დაეგმო. საქმე ეხება ბრიუსელის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებას. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-მა და კანადამაც მიიღეს.
„გუშინ და დღეს ირანში საელჩოების მქონე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდი, ირანის ისლამურის რესპუბლიკის პროტესტი მათ წერილობით გადაეცათ. თუმცა ეს მხოლოდ მინიმალური ზომაა, ამას კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვება“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესმაილ ბაღაიმ.
საპასუხო ზომად ირანმა ევროკავშირის სამხედრო ძალები სიმბოლურად გამოაცხადა ტერორისტულ დაჯგუფებად. მიუხედავად დიპლომატიური დაპირისპირებისა ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ირანთან დიპლომატიური არხები ღიად შენარჩუნდება. მხარეებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანულმა თეოკრატიამ ანტისამთავრობო აქციები ძალადობრივად ჩაახშო და ათასობით ადამიანი მოკლა.
პარალელურად ირანი ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებებს იწყებს. პარასკევს თეირანში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ ვიტკოფს, ელიან. ეს ყველაფერი კი ირანის სიახლოვეს გაგზავნილი აბრაამ ლინკოლნის ავიამზიდითა და გამანადგურებლებით ზეწოლის ფონზე ხდება, რომელიც აშშ-მა რეგიონში გაგზავნა. ქვეყნის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ ამით ირანელ ხალხს ვერ შეაშინებენ და ნებისმიერი სამხედრო ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქმეს რეგიონულ ესკალაციამდე მიიყვანს. ვაშინგტონს საკუთარ ძლევამოსილებაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ამჟამად თეთრ სახლში გარიგების მიღწევაზე არიან ფოკუსირებულები.
„მე ვერ გეტყვით თუ რას ვაპირებ, რადგან ახლა იქ უდიდესი ძალა მიემართება, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში იყო. უფრო დიდიც კი. ისინი ადგილზე მალე იქნებიან. მე მსურს მოლაპარაკება შედგეს და გარიგებას მივაღწიოთ, არ ვიცი, რა იქნება, სულელი ვიქნები წინასწარ გითხრათ რამე, მაგრამ ამ წუთას ჩვენ მათ ვესაუბრებით, ვესაუბრებით ირანს – თუ მათთან მუშაობა შევძელით, გადასარევი იქნება, თუ ვერ შევძლებთ, შესაძლოა ბევრი ცუდი რამ მოხდეს“, – უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირანსა და ისრაელის მოკავშირე აშშ-ის შორის ურთიერთობები დიდი ხანია დაძაბულია, თუმცა დეკემბერში თეირანში დაწყებული არეულობებისას ქვეყნის მთავრობის ძალადობრივი რეაქცია დიპლომატიური დაძაბულობის მთავარი მიზეზი გახდა.

