ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ნავთობის სექტორის პრივატიზაციას გაუხსნა გზა. დელსი როდრიგესმა ხელი მოაწერა ახალ კანონპროექტს, რომელიც კერძო კომპანიებს საშუალებას აძლევს, დაეუფლონ ვენესუელაში არსებულ ნავთობის მარაგს, რომელსაც აქამდე სახელმწიფო აკონტროლებდა. დელსი როდრიგესმა კანონპროექტს ნავთობის სექტორში მომუშავე მოსახლეობისა და მთავრობის მხარდამჭერების თანდასწრებით მოაწერა ხელი.
მანამდე კანონპროექტი ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა. კანონპროექტის საშუალებით სექტორში ძირეული რეფორმები გატარდება. ეს ნაბიჯი კი ეწინააღმდეგება თვითგამოცხადებული სოციალისტური მოძრაობის პრინციპს, რომელიც ქვეყანას ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. ვენესუელაში ნავთობის სექტორის პრივატიზაცია აშშ-ის სპეცოპერაციიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოხდა. ოპერაციის ფარგლებშიც აშშ-ის ჯარმა ვენესუელის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის დედაქალაქში საკუთარ სახლში დააკავა და შტატებში გადაიყვანა. თუმცა, როგორც თავად დელსი როდრიგესი ამბობს, ვენესუელაში ამ კანონზე დიდი ხანია მუშაობენ. ამიტომ მან მადლობა ნიკოლას მადუროსაც გადაუხადა.
„ამ კანონპროექტით ჩავესის ანდერძი აღსრულდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ენერგორესურსების სუვერენიტეტს. ეს კანონპროექტი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხედვას მოიცავს. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ეს კანონპროექტი არსაიდან მივიღეთ. ჩვენ ეს რეფორმა პრეზიდენტ მადუროსთან ერთად უკვე შესწავლილი და შემუშავებული გვქონდა. სიამაყით გეუბნებით თქვენ, პრეზიდენტო მადურო, თქვენი მიწიდან, კარაკასიდან, რომ პატივს ვცემთ პირველ მებრძოლს და ვენესუელელ ხალხს”, – განაცხადა დელსი როდრიგესმა.
ახალი კანონპროექტს ვენესუელის ასამბლეაში როგორც მმართველი გუნდის წევრებმა ისე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაუჭირეს მხარი. დელსი როდრიგესის განცხადებით, ასეთი ერთიანი ვენესუელის ეროვნული ასამბლეა არასდროს ყოფილა.
„ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ დიდი მიზნებისთვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, გაერთიანებული ვენესუელას არსებობა შესაძლებელია. მადლობას ვუხდი ეროვნულ ასამბლეაში ჩავესის ძალებს, ასევე ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს, რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. ის პირველია, რომელიც ერთხმად მიიღეს. ეს ერთსულოვნება გამოხატავს ეროვნულ ერთიანობას”, – განაცხადა დელსი როდრიგესმა.
დელსი როდრიგესის მთავრობამ კი ენერგოსექტორში ცვლილებები მას შემდეგ გაატარა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელის ნავთობის ექსპორტზე აიღებდა კონტროლს და დასუსტებულ ინდუსტრიას უცხოური ინვესტიციების მოზიდვით აღადგენდა. კანონპროექტის მიღებისთანავე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა, რითაც ამერიკულ ენერგოკომპანიებს გზა გაეხსნათ, ვენესუელის ენერგოინდუსტრიაში შესულიყვნენ. ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, გეგმის პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც მან ერთი დღით ადრე წარმოადგინა.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავისი გეგმა გააცნო. დონალდ ტრამპი კი დელსი როდრიგესს დაჰპირდა, რომ კომერციული ფრენისთვის ამერიკა ვენესუელას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, მას ვენესუელის ლიდერებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც ხელს შეუწყობს ამერიკული ენერგოკომპანიების ვენესუელაში შესვლის პროცესს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ვენესუელის ხელმძღვანელობას. ჩვენ მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მჭიდრო. მათ მითხრეს, რომ იქ კარგად არის დაცული უსაფრთხოებაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა წარმომადგენელთან, ნავთობის სფეროსთან დაკავშირებულ ყველა ადამიანთან. ამჟამად ვენესუელაში მსხვილი ნავთობკომპანიები მიდიან, იკვლევენ მას და ირჩევენ თავიანთ ადგილმდებარეობებს. ისინი უზარმაზარ სიმდიდრეს მოუტანენ ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს. ნავთობკომპანიებიც კარგ მოგებას ნახავენ. ვენესუელა რეალურად უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე ოდესმე. ეს კარგია.
ვენესუელის მოსახლეობა ქუჩებში იდგა და ამერიკულ დროშებს აფრიალებდა. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, მაიამიში დორალის რაიონში, რომელიც პატარა ვენესუელად ითვლება, მოსახლეობა ძალიან გახარებული იყო. ახლახან ვესაუბრე ვენესუელის პრეზიდენტს და ვაცნობე, რომ ჩვენ ვენესუელის თავზე ყველა კომერციულ საჰაერო სივრცეს გავხსნით. ამერიკის მოქალაქეებს ძალიან მალე შეეძლებათ ვენესუელაში წასვლა და ისინი იქ უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. ეს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშაა. ვენესუელის ყოფილი მოსახლეობის ნაწილს იქ დაბრუნება სურს, ზოგიერთს კი უბრალოდ სტუმრად ჩასვლა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ორი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯი ვენესუელაში რადიკალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილების ნაწილია. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა, ქვეყანას ნიკოლას მადუროს ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მართავს. მან, ნიკოლას მადუროსგან განსხვავებით, შემრიგებლური ტონი აირჩია, პრეზიდენტ მადუროს დროს დაკავებული პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, ახლა კი ნავთობზე წვდომის საშუალება მისცა კერძო კომპანიებს. ის ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურებს ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობის ინდუსტრიას.

