ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს. ეს ნაბიჯი ბრიუსელის პასუხია ისლამური რესპუბლიკის მიერ დემონსტრაციების სასტიკი ძალადობით ჩახშობაზე.
ბლოკის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურად, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დამტკიცდება და რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ევროკავშირის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შევა.
ამ სტატუსის მინიჭება კი აქტივების გაყინვას, დაფინანსების აკრძალვასა და მოგზაურობის შეზღუდვას ითვალისწინებს გუშაგთა კორპუსის ყველა მოქმედი წევრისთვის. ბევრი მათგანის წინააღმდეგ ევროკავშირს ეს ზომები რეგულარული სანქციების ფარგლებში აქვს დაწესებული.
„რეპრესიები პასუხის გარეშე ვერ დარჩება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. მანვე თქვა, რომ „ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით მოქალაქეს კლავს, საკუთარ დასასრულზე მუშაობს.“
„ირანში მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულმა საზარელმა რეპრესიებმა ადამიანური თვალსაზრისით მძიმე ფასი მოიტანა. ევროკავშირს ირანისთვის უკვე დაწესებული აქვს ფართომასშტაბიანი სანქციები და დღეს მინისტრები ისლამური რევოლუციის გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზეც შეთანხმდნენ. ეს მათ იმავე კატეგორიაში მოაქცევს, რომელშიც დაეში, ჰამასი, ჰეზბოლა და ალ-ქაიდა არიან. მათ, ვინც ტერორის გზით მოქმედებს, ტერორისტებივით უნდა მოვექცეთ.
მინისტრებმა სანქციები დააწესეს მათ მიმართაც, ვინ დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობაზეა პასუხისმგებელი – მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. რეპრესიები პასუხის გარეშე ვერ დარჩება. ამასთან, მათ ახალი სანქციები დაამტკიცეს მათ წინააღმდეგაც, ვინც ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეულ ომის მხარდაჭერაშია ჩართული.
მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ირანმა ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეები, უნდა გაათავისუფლოს. მომავალში ხელისუფლებაზე ზეწოლის კიდევ უფრო გასაზრდელად და ირანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გასაგრძელებლად მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
„ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კი აღნიშნა, რომ ევროპის მხრიდან ეს მკაფიო პოზიციის დაკავებაა.
„მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას მკვლელი ირანული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. „ტერორისტული“ მართლაც ის სიტყვაა, რომლითაც უნდა აღწერო რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხის პროტესტს სისხლში ახშობს. ევროპა ირანელი ხალხის გვერდით დგას თავისუფლებისთვის მათ გაბედულ ბრძოლაში“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე.
„ირანის რეჟიმის მჩაგვრელი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სწორი გადაწყვეტილებაა. ამას სულ რამდენიმე კვირის წინ ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა. ვამაყობ ევროპარლამენტის ძლიერი და ერთიანი ძალისხმევით, რომელმაც ამას გზა გაუხსნა. ახლა დროა მტკიცედ ვიდგეთ. ირანი თავისუფალი იქნება“, – დაწერა რობერტა მეცოლამ.
ევროკავშირის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანა დადებითად შეაფასა ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ.
„მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას,„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კრიმინალურ რეჟიმს უგზავნის მესიჯს, რომ მას გლობალური ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ახლა ჩვენ გვჭირდება შემდგომი კონკრეტული ქმედებები ირანელი ხალხის დასაცავად და ირანის დემოკრატიისკენ მიმავალი ლეგიტიმური გარდამავალი მთავრობის მხარდასაჭერად “, – წერს რეზა ფეჰლევი.
გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც საფრანგეთმა და ესპანეთმა, რომლებიც თავდაპირველად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდნენ, პოზიცია შეიცვალეს. მხარდაჭერისკენ გადაიხარა ბელგიაც, რომლის პოზიციაც მანამდე გაურკვეველი იყო. კვირის დასაწყისში აზრი შეიცვალა იტალიამაც – ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ახალმა მონაცემებმა ირანში მიმდინარე პროტესტის ჩახშობისას გამოყენებული სისასტიკის მასშტაბი აჩვენა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დეკემბრის ბოლოდან დღემდე დღემდე მოკლულია 6,100-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 92 ბავშვია.
სხვა ანგარიშები მიუთითებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
ჟურნალ Time-ს ცნობით, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ქუჩის შეტაკებებში, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო პროტესტში გადაიზარდა, სულ მცირე 30,000 ადამიანი დაიღუპა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ბრალად ირანში საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის ორგანიზებას, რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებასა და მჭიდრო კავშირებს სდებენ ისეთ შეიარაღებულ მოკავშირეებთან, როგორიცაა „ჰეზბოლა“, „ჰამასი“ და იემენელი ჰუთები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ავსტრალიამ იგი ტერორისტულ ორგანიზაციად უკვე გამოაცხადეს.


