ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყინულით დაფარული მისისიპისა და ტენესის შტატებში, ეროვნული გვარდიის ასობით ჯარისკაცი იყო ჩართული გაწმენდით სამუშაოებსა და მანქანებში ჩარჩენილი ან ელექტროენერგიის გარეშე მყოფი ადამიანების დასახმარებლად.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმავალი არქტიკული ჰაერის ნაკადის გამო 30 იანვარს ღამით ნეშვილსა და მიმდებარე ქალაქებში ტემპერატურა მინუს 10 გრადუს ცელსიუსამდე დაეცემა. ამ ქალაქებში 80 000-ზე მეტ სახლსა და ბიზნესს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა შტორმმა დიდთოვლობა და ყინვა გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, ტეხასიდან ნიუ-ჯერსიმდე მდებარე რაიონებში ძლიერი ყინვის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი ტენესის, მისისიპის და ლუიზიანის შტატებში გამოვლინდა.
ხანგრძლივმა ყინვამ მოსახლეობა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მათი რეგიონი ასეთ მოვლენებს არ არის შეჩვეული. მისისიპის სასწრაფო დახმარების სამსახურში გამუდმებით რეკავდნენ ის ადამიანები, რომლებიც სახლიდან ვერ გამოდიოდნენ და საკვებისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებოდათ. ტენესის შტატში სოციალურმა მუშაკებმა პოლიციასთან და მეხანძრეებთან ერთად მოინახულეს ის მცხოვრებლები, რომელთაგანაც დღეების განმავლობაში არაფერი ისმოდა.
ბოლო მონაცემებით, 28 იანვრის საღამოს ზამთრის ქარიშხლით დაზარალებულ შტატებში 260 000-ზე მეტ სახლსა და ბიზნესს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
55-ე და 22-ე მაგისტრალებს შორის გამავალი გზები ჩრდილოეთ მისისიპის შტატში კვლავ დაკეტილია, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც გზების გაწმენდას ცდილობენ.
მისისიპის გუბერნატორმა, ტეიტ რივზმა, განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის 650 ჯარისკაცი გზებს წაქცეული ხეებისგან წმენდს, სატვირთო მანქანებითა და ვერტმფრენებით კი მოსახლეობას საკვებს, საბნებსა და სხვა მარაგს აწვდიან.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 29 იანვრის ღამით მისისიპის ზოგიერთ ნაწილში თოვლის სახით მცირე ნალექი მოვიდა, 30 იანვარს ღამით ნეშვილში მცირე რაოდენობით თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე მოსახლეობისთვის გაუსაძლისი სიცივე და ქარია.

