მთავარიამერიკაჰაიტიკუნძულ ჰაიტიზე მზარდი ძალადობის ფონზე ათასობით ქალი ბანაკს აფარებს თავს

კუნძულ ჰაიტიზე მზარდი ძალადობის ფონზე ათასობით ქალი ბანაკს აფარებს თავს

კუნძულ ჰაიტიზე მზარდი ძალადობის ფონზე ათასობით ქალი იძულებულია,  ბანაკებს შეაფაროს თავი.  ერთ-ერთი მათგანია ოთხი შვილის დედა. იგი 29 წლისაა და ახლა პორტ-ო-პრენსის დროებით თავშესაფარში ცხოვრობს.

2025 წლის მარტში იგი მარილის საყიდლად იყო გასული,  სამი შეიარაღებული მამაკაცი რომ დაესხა თავს.  თავდამსხმელებმა იგი ბაზარში დააბრუნეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

ქალი ამბობს, რომ მას არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენეს. ამ ინციდენტის  შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით გაუჭირდა.

„გზაში სამი მამაკაცი დამხვდა. დამიჭირეს,  ბაზარში ძალით  წამიყვანეს და გამაუპატიურეს“, – ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, კუნძულ ჰაიტიზე ბანდების ძალადობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1.4 მილიონს აჭარბებს.

ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ ქვეყანაში სექსუალური და გენდერული ძალადობის შემთხვევების მასშტაბი საგანგაშოა. პორტ-ო-პრენსში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ გაიზარდა.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ. გაეროს ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე  სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა თითქმის 70 პროცენტი იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

„დავიწყებ იმით, რომ ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“  კუნძულზე სექსუალური და გენდერული ძალადობის უკიდურეს მასშტაბსა და სიმძიმეზე საუბრობს. 2022 წლიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. რაც ახლა უნდა ნახოთ, შემთხვევითი ინციდენტი არ არის. ეს ყოველდღიური რეალობაა ბევრი ქალისა და გოგონასთვის.  ფართომასშტაბიანი ძალადობისა და  იძულებით გადაადგილების გარდა, ისინი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეც დგანან“, – აცხადებს გაეროს წარმომადგენელი დიანა მანილა.

კუნძულ ჰაიტის ერთ-ერთი კლინიკის მონაცემებით, რომელიც დედაქალაქში უკვე ათი წელია ფუნქციონირებს, პაციენტების ნახევარზე მეტს ერთზე მეტი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. კლინიკამ ათწლეულის განმავლობაში თითქმის 17 ათასი ადამიანი მიიღო, მათ შორის მხოლოდ გასული წლის ცხრა თვეში – 2 300 პაციენტი.

ექსპერტების შეფასებით, ბანდები პორტ-ო-პრენსის დაახლოებით 90 პროცენტს აკონტროლებენ და სექსუალურ ძალადობას შიშის დასათესად იყენებენ.

ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ჰაიტის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაზარდოს დაფინანსება უფასო სამედიცინო მომსახურებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. მათი თქმით, ბევრ დაზარალებულს არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე, იძულებით არის გადაადგილებული და მძიმე პირობებში ცდილობს ცხოვრების თავიდან დაწყებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend