საფრანგეთი ამერიკული პლატფორმების, Microsoft Teams-ისა და Zoom-ის, საკუთარი, ადგილობრივად შემუშავებული პლატფორმით ჩანაცვლებას 2027 წლისთვის აპირებს. საფრანგეთის მთავრობის გეგმით, პლატფორმა Visio-ს ყველა სამთავრობო უწყება უნდა იყენებდეს.
ეს ნაბიჯი საფრანგეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური, განსაკუთრებით აშშ-ის პროგრამების გამოყენების შემცირებასა და მათი ადგილობრივი პლატფორმებით ჩანაცვლებას. საფრანგეთის მიზანია, აღადგინოს კრიტიკულ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლი. ქვეყნის ხელისუფლება იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას, რომელიც ციფრული სუვერენიტეტის გაძლიერებას ითვალისწინებს.
გასულ წელს, მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებში ღრუბლოვანი სერვისები გაითიშა, ევროპამ თავის პოლიტიკას გადახედა. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ აშშ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაზე ზედმეტად არიან დამოკიდებული.
საფრანგეთის საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო რეფორმების მინისტრის, დევიდ ამიელის განცხადებით, არაევროპული პლატფორმების ადგილობრივით ჩანაცვლებით, საჯარო ელექტრონული კომუნიკაციების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, შესაბამისად, ქვეყნის სუვერენიტეტი მეტად იქნება დაცული.
26 იანვარს საფრანგეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანა საფრანგეთში შექმნილი ვიდეოკონფერენციის პლატფორმა Visio-ს გამოიყენებს. პლატფორმა უკვე ერთი წელია შემოწმების პროცესს გადის და მას 40 000 მომხმარებელი ჰყავს.
Visio საფრანგეთის ციფრული გეგმის ნაწილია, რომელიც საჯარო უწყებებში Gmail-ისა და Slack-ის ჩანაცვლებას ითვალისწინებს. პლატფორმას მხოლოდ საჯარო მოხელეები გამოიყენებენ. პირველ ეტაპზე კერძო კომპანიებსა თუ ფართო საზოგადოებას მასზე წვდომა არ ექნებათ. პლატფორმას ასევე ჩაშენებული აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფრანგული სტარტაპის Pyannote-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, პლატფორმა Visio-ზე გადასვლა ლიცენზიის ხარჯებს შეამცირებს და წელიწადში ყოველ 100,000 მომხმარებელზე 1 მილიონ ევროს დაზოგავს.

