მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა უკრაინაში სამგზავრო მატარებელს დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინაში სამგზავრო მატარებელს დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსულმა დრონებმა ხარკივში სამგზავრო მატარებელს დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი. უკვე მოგვიანებით უკრაინის პროკურატურის განცხადებაში ითქვა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია 5 ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი. მომხდარი კიევში ტერორისტულ აქტად შეფასდა, ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ.

„ნებისმიერ ქვეყანაში სამგზავრო მატარებელზე დრონებით თავდასხმა შეფასდებოდა როგორც ტერორისტული აქტი. ასეთ კლასიფიკაციას მისცემდნენ ამ შემთხვევას ყველგან: ევროპაში, ამერიკაში, არაბულ სამყაროში, ჩინეთში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. არ არსებობს და ვერ იარსებებს ვერანაირი სამხედრო გამართლება იმისა, რომ მოკლა უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ვაგონებში სხედან. ამ მატარებელში 200 ადამიანი მგზავრობდა, 18 კი იმ ვაგონში იჯდა, რომელსაც რუსულმა დრონმა დაარტყა. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ქმედებებზე. მადლობა ყველას, ვინც რუსეთის ტერორიზმს მდუმარებით არ შეხვდა“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდარს X-ზე.

უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის ინტენსიური იერიშების ფონზე აქტიური რჩება ომის დიპლომატიური და პოლიტიკური განზომილება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, რათა განიხილოს ტერიტორიული საკითხები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალი. სწორედ ეს ორი საკითხია დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ყველაზე სადავო ნაწილები, რომლებზე შეუთანხმებლობამაც ომის დასრულების თარიღი უსასრულოდ გააჭიანურა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც სულ ბოლოს აბუ-დაბიში გამართული  მოლაპარაკებების შესახებ მეტი ინფორმაცია აქვს, არ მალავს, რომ ამ მხრივ კარგის მოლოდინი აქვს.

„რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით ზოგიერთ ძალიან კარგ ამბავს ვხედავთ, ამ მიმართულებით კარგი რამ ხდება. ძალიან კარგი რამ ხდება უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით“, – უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ეზოში.

რუსეთში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკვე მომდევნო კვირას გაგრძელდება. ამერიკის შუამავლობით და თანდასწრებით მეორე შეხვედრა აბუ-დაბიში უკვე 1 თებერვალსაა ჩანიშნული. თუმცა რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები კრემლის მოთხოვნებში არანაირ ცვლილებას არ ასახავს. მაგალითად  რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, კირილ დიმიტრიევის ეს განცხადება X-ზე:

„უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გასვლა არის მშვიდობის გზა უკრაინისთვის“.

„როიტერის” ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი დონბასის 90%-ს აკონტროლებს, კრემლში კი ხშირად იმეორებენ, რომ თუ კიევი დარჩენილ 10%-ს არ დათმობს, მას ძალით აიღებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წინსვლა ჰქონდათ ხარკივსა და ზაპოროჟიეში, სადაც დამატებით 2 დასახლება დაიკავეს.

მოლაპარაკებების ირგვლივ კი იკვეთება ახალი დეტალებიც. არსებობს დაშვება, რომ უკრაინამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი აშშ-სთან მოაწეროს, აშშ-მ კი რუსეთთან. ამასთან ვაშინგტონმა მიანიშნა კიევს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკვე 100%-ითაა შეთანხმებული კიევთან, დამოკიდებულია იმაზე, დათმობს თუ არა უკრაინა დონბასს. ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი” წერს.

„რაც ახლა აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებზე ხდება, მთავარი ინტერესის საგანია. ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის დღეს ვიმუშავეთ აშშ-ის სამთავრობო პირებთან რეკონსტრუქციის დოკუმენტის ირგვლივ. იმედია, ჩვენი პარტნიორები ამ ამოცანებს ჩვენნაირი მონდომებით უყურებენ. მკაფიო უსაფრთხოებითი გარანტიები უკრაინისა და ევროპისთვის მთლიანად განსაზღვრავს უკრაინის რეკონსტრუქციის შესაძლებლობებს, რაღა თქმა უნდა, ომის ღირსებით დასრულებასაც. ჩვენ კარგ გზავნილებს ვიღებთ ევროპისგან, რომ მზად არიან, გაზარდონ წნეხი აგრესორზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა შეეხოს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და რუსული ნავთობის საექსპორტო ინფრასტრუქტურას სრულად. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, თუ რუსულ შემოსავლებს უფრო ღრმად ჩავჭრით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში.

უკრაინამ ევროპიდან კიდევ ერთი პოზიტიური გზავნილი მიიღო, კერძოდ, ევროკავშირის მაღალჩინოსნების ანონიმური განცხადებებით, ბრიუსელი განიხილავს ევროკავშირში უკრაინის ეტაპობრივი გაწევრების იდეას, რათა პროცესი დაჩქარდეს. თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბლოკის წევრობის თარიღად 2027 წელი დაასახელა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend