მთავარიევროპარუსეთი„ომში მოტყუებით” - როგორ მოხვდნენ ბანგლადეშელი მამაკაცები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში

„ომში მოტყუებით” – როგორ მოხვდნენ ბანგლადეშელი მამაკაცები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში

დასაქმების ცრუ დაპირებით ბანგლადეშელი მუშები რუსეთში ჩაიყვანეს, საბოლოოდ ისინი უკრაინის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ. Associated Press-ის გამოძიებამ რუსეთიდან სამშობლოში გამოქცეულ მამაკაცებს მიაკვლია, რომლებმაც მომხდარი დეტალებში გაიხსენეს. როგორც ირკვევა, მამაკაცთა ჯგუფს  სამუშაო დოკუმენტებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, მათ მხოლოდ მოსკოვში ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ეს სამხედრო კონტრაქტი იყო.

„იარაღები მოგვცეს, გვასწავლეს როგორ გვესროლა დაწოლილ მდგომარეობაში, და როგორ გვემოძრავა დაწოლილებს, რადგან იქ დგომა შეუძლებელი იყო. ასევე გვასწავლიდნენ, თუ როგორ შეგვეჩერებინა სისხლდენა ერთი ხელით, თუ მეორე ხელში დაგვჭრიდნენ“, – ჰყვება რუსეთიდან გაქცეული მაკსუდურ რაჰმანი.

„მეთაურმა მითხრა, რომ ბატალიონთან შეერთების კონტრაქტისთვის მქონდა ხელი მოწერილი, რომ იქ სხვას ვერაფერს გავაკეთებდი და რეალურად მომატყუეს. შემდეგ იმ ქალბატონს მივწერე, რომელიც მანამდე დასაქმებას შემპირდა, ვკითხე თუ რატომ მომატყუა, თუმცა ჩემს შეტყობინებას არ უპასუხა. შემდეგ ჩემმა მეგობარმაც მიწერა, არც მისთვის უპასუხია“,- იხსენებს მოჰან მიაჯეე.

მიუხედავად დაპირებისა, რომ  ფრონტის ხაზზე არ აღმოჩნდებოდნენ, ბანგლადეშში მცხოვრები მამაკაცები სამხედრო ბანაკში მოხვდნენ, რათა ძირითადი სამხედრო წვრთნები გაევლოთ, რაც დრონების მართვასა და მათი გამოყენების სხვადასხვა ტაქტიკას ეხებოდა. უარის თქმის შემდეგ პასუხად მათ ძალადობისა და სიკვდილის მუქარა მიიღეს.

„როდესაც მეთაურებს ვუთხარით, რომ იქ ამისათვის არ ჩავსულვართ და ამის გაკეთება არ შეგვეძლო, იმ ადამიანებმა, რომლებიც გვწვრთნიდნენ, გვითხრეს, რომ ჩვენ გვიყიდეს და თუ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, მაშინ თავიანთი ჩექმებით გვცემდნენ”, – უყვება AP-ს მაკსუდურ რაჰმანი.

„იქ სადამსჯელო საკანი იყო, ძირითადად ადამიანებს სახეში ურტყამდნენ, შემდეგ კი ნიჩბებით სცემდნენ, ადამიანებს ისე სცემდნენ, როგორც მოესურვებოდათ, ამის შემდეგ მათ აშიშვლებდნენ, ბორკილებს ადებდნენ და წამების საკანში კეტავდნენ”, – ჰყვება რუსეთიდან გამოქცეული კიდევ ერთი პირი მოჰან მიაჯეე.

მუშების მონათხრობს AP-ის გამოძიება არაერთი მტკიცებულებით ამყარებს, მათ შორისაა სამოგზაურო დოკუმენტებით გაცემული ვიზები, რუსულ არმიასთან გაფორმებული სამხედრო კონტრაქტი, სამედიცინო ანგარიშები, ასევე ფოტოები, რომელშიც მათ შორის ის დაზიანებებია ასახული, ადგილზე რომ მიიღეს.

მამაკაცების ნაწილმა გაქცევა მოსკოვში საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ ბანგლადეშის საელჩოს დახმარებით მოახერა. თუმცა ყველას ასე არ გამართლებია, ტროპიკული სიცხიდან რუსული ზამთრის პირობებში ომში ბევრიც ისეთიც მოხვდა, რომლებიც სახლში ვეღარ დაბრუნდნენ.

„ჩემი მეუღლე ბოლო შეტყობინებაში ჰყვებოდა, რომ სხვა ბანაკში გადაჰყავდათ. ზოგჯერ 7 დღეში ერთხელ მპასუხობდა, ზოგჯერაც 15 დღეში. ბოლოს მთხოვა მისთვის მეთქვა, თუ რა ხდებოდა ომში, ვუპასუხე თუმცა მას შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მოხდა დრონების იერიში, ზოგიერთი დაშავდა, ზოგიც კი დაიღუპა. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ქმარი სახლში დაგვიბრუნდეს მე და მის ორ ვაჟს“, – ამბობს სალმა აკდარი, დაკარგული აჯგარ ჰუსეინის ცოლი.

რამდენი ბანგლადეშელი მამაკაცი წაიყვანეს მოტყუებით უკრაინის წინააღმდეგ ომში, უცნობია, გაქცეულები ჰყვებიან, რომ ადგილზე ასობით თანამემამულე ნახეს. საკითხზე მომუშავე აქტივისტები კი ამბობენ, რომ  რუსეთის სამიზნეში აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებიც არიან, მათ შორის ინდოეთი და ნეპალი.

არც რუსეთისა და არც ბანგლადეშის მთავრობებს AP-ის შეკითხვებისთვის არ უპასუხიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend