ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნიპას ვირუსის გავრცელების შეკავება შეძლეს. დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში დაავადების ხუთი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მათთან შესაძლო კონტაქტში მყოფი ყველა, 196 პირი კარანტინის ზონებში მოათავსეს და შესაბამისი კვლევები ჩაუტარეს.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ვითარებას აკონტროლებენ და ყველა შესაბამის ნაბიჯს დგამენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ნიპას ვირუსი პირველად 1998 წელს მალაიზიაში გამოავლინეს, რასაც ქვეყანაში ეპიდაფეთქება მოჰყვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ვირუსი „ებოლას“ მსგავს კატეგორიას განეკუთვნება და მაღალი ლეტალობით გამოირჩევა, ადამიანებს კი იშვიათად, ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტით ან დაინფიცირებული საკვების მიღებით გადაეცემათ. დაავადების წყარო არიან ღამურები, ვირთხები და ღორები.
ამასთან, ვირუსს არ აქვს კონკრეტული სიმპტომები და ის სეზონურ გრიპს ჰგავს, სიცხის, თავისა და კუნთების დამახასიათებელი ტკივილით, თუმცა გაცილებით სახიფათო არის შემდგომი გართულებები, მათ შორის ტვინის ანთება, რამდენიმე დღისა ან კვირის შემდეგ კი, შესაძლოა, სხვა ნევროლოგიური დარღვევები ან, უკიდურეს შემთხვევაში, კომა განვითარდეს.
ამ ეტაპზე ნიპას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
სპეციალისტების თქმით, ვირუსის აღმოჩენის დღიდან ის არ გამოვლენილა აზიის მიღმა სხვა სახელმწიფოებში, ასევე მინიმალურია მისი მსოფლიოში ფართოდ გავრცელების რისკი, ისევე როგორც, მაგალითად, კორონავირუსის.
ინფიცირების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ინდონეზიამ და ტაილანდმა მსხვილ აეროპორტებში გააძლიერეს მგზავრთა მონიტორინგი და დაიწყეს მათი თერმოსკრინინგი, ჩინეთმა კი სპეციალური ზომები მიიღო ინდოეთთან სასაზღვრო ზონაში.

