მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNION„გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებას” - ანტონიუ კოშტა ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმებაზე

„გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებას” – ანტონიუ კოშტა ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმებაზე

ევროკავშირსა და ინდოეთის შორის ნიუ-დელიში გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება საერთაშორისო საზოგადოებისთვის გზავნილია, რომ საიმედო პარტნიორებს მსოფლიოს სასიკეთოდ ერთად მუშაობა შეუძლიათ – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მანვე განაცხადა, რომ შეთანხმებას ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შესაძლოა ის გზავნილი იყოს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, მსოფლიოს ორი უდიდესი დემოკრატია საერთაშორისო საზოგადოებას უგზავნის.

ევროკავშირსა და ინდოეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც სამშაბათს ნიუ-დელიში გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე დაიდო, ევროპულ პროდუქციაზე ტარიფებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ევროპულ კომპანიებს წლიურად დაახლოებით 4 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

ინდოეთი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი მსხვილი ეკონომიკაა, ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფების ზეწოლის ქვეშაა. დონალდ ტრამპმა გასული წლის აგვისტოში ქვეყანას დამატებით 25%-იანი გადასახადი დაუწესა რუსული ნავთობის შესყიდვების გამო.

ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას კიდევ ერთი მსხვილი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა უძღოდა წინ – ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის. ბრიუსელი ცდილობს, თავი დაიცვას გლობალური სავაჭრო დაძაბულობისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკისგან.

კითხვაზე, იყო თუ არა ტრამპის ბოლოდროინდელი მუქარა გრენლანდიის გამო სავაჭრო ომის დაწყების თაობაზე საბოლოო ბიძგი ინდოეთთან შეთანხმების გასაფორმებლად, ანტონიუ კოშტამ უპასუხა, რომ მოლაპარაკებები ბევრი წლის წინ დაიწყო, თუმცა არაპროგნოზირებად მსოფლიოში „ბიზნესისთვის პროგნოზირებადობის“, მოქალაქეებისთვის კი, „იმედისა და უსაფრთხოების“ უზრუნველყოფაა საჭირო.

ევროკავშირსა და ინდოეთს შორის მიღწეული შეთანხმება ახლა სამართლებრივად გადამოწმდება და ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე გადაითარგმნება.

მოგვიანებით კი, ევროპული კომისია მას დასამტკიცებლად საბჭოსა და პარლამენტს წარუდგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend