მთავარიევროპაუკრაინასამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ განგრძობადი რუსული აგრესიის ფონზე

სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ განგრძობადი რუსული აგრესიის ფონზე

„ომის გაგრძელების ერთადერთი მიზეზი არის რუსეთი“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის დელეგაციებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მორიგ სამმხრივ შეხვედრაზე განიხილეს კრემლის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დასრულების გზები.

მხარეებმა აბუ-დაბიში გამართული შეხვედრა „მეტ-ნაკლებად პოზიტიურად“ და „კონსტრუქციულად“ შეაფასეს, თუმცა უთანხმოება კვლავ ტერიტორიულ საკითხს უკავშირდება.

კიევისთვის პრინციპული პოზიციაა, რომ არ დათმობს არც ერთ იმ რეგიონსა თუ ოლქს, რომელსაც ამჟამად რუსული საოკუპაციო ჯარები აკონტროლებენ.

ომში მყოფი ქვეყანა აცხადებს, რომ არ აპირებს ამ საკითხის ირგვლივ რაიმე კომპრომისზე წასვლას, რადგან ის მიწები, რომლებზეც რუსული მხარე პრეტენზიებს გამოთქვამს არა მხოლოდ უკრაინის კონსტიტუციის, არამედ საერთაშორისო სამართლის თანახმადაც აღიარებულია კიევის საკუთრებად:

„ამდენი ხნის განმავლობაში პირველად კვლავ შედგა შეხვედრა ამ ფორმატში, რუსულ და ამერიკულ მხარეებთან, სადაც უშუალოდ განიხილებოდა სამხედრო საკითხები და ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც აუცილებელია ომის დასასრულებლად, ასევე ნამდვილი უსაფრთხოებისა და ვითარების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.

არის საკითხები, რომელთა მომზადებაც აუცილებელია მომდევნო შეხვედრისთვის. წინასწარმა განხილვებმა გვაჩვენა, რომ გუნდები ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან კვირას. უმჯობესი იქნებოდა, ეს შეხვედრა უფრო ადრე გამართულიყო.

უკრაინა იქნება მაქსიმალურად მომზადებული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც და შეთანხმებაც აუცილებელია. უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება მშვიდობის მხარეს და ერთადერთი მიზეზი, რატომაც გრძელდება ომი – ეს რუსეთია.

აუცილებელია დიპლომატიის რეალური შედეგები გვქონდეს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსები კვლავ იყენებენ მოლაპარაკებების პროცესს ცინიკური და სასტიკი მიზნებისთვის. შედეგი კი უნდა იყოს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, რამაც, შესაძლოა, იმუშაოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პოზიციას არ იცვლიან კრემლშიც და ამბობენ, რომ მათთვის „ტერიტორიულ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს“ და ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა“ მათ ძირითად ამოცანას წარმოადგენს.

ამავე დროს, მოსკოვი ამტკიცებს, რომ მათი მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაც არის, რისთვისაც მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატს ყველაზე მართებულად მიიჩნევენ:

„ახლა არ არის რაიმე, თუნდაც წინასწარი დასკვნების გამოტანის დრო. ეს მხოლოდ სამუშაოს დასაწყისია, რომელიც მიმდინარეობს ექსპერტთა დონეზე და ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. პროცესის გაგრძელების ინტერესების გათვალისწინებით, არ იქნება სწორი, დღის წესრიგი ნაწილ-ნაწილ განვიხილო“, – უთხრა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო მედიას.

მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად არის ჩართული აშშ-ც, რომლისგანაც აბუ-დაბიში 24 იანვარს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი.

ვაშინგტონის განცხადებით, თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის მიზანი არის ორ ქვეყანას შორის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამხედრო მოქმედებები, თუმცა თან დასძენენ, რომ თუკი მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ, ამით მხოლოდ ევროპელები დაზარალდებიან.

„ამერიკა ბევრად უფრო დიდ მსხვერპლზე წავიდა, ვიდრე ევროპელები. რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთს 25%-იანი ტარიფები დავუწესეთ. გამოიცანით, რა მოხდა გასულ კვირას? ევროპელებმა ხელი მოაწერეს ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმებას.

ნედლი რუსული ნავთობი ჩადის ინდოეთში, იქიდან კი ნავთობპროდუქტები გამოაქვთ, რომლებსაც ევროპელები ყიდულობენ. ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფინანსებენ, ამიტომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობის დახმარებით, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.

რუსული აგრესიის დაუყოვნებლივ დასრულება ევროპული სახელმწიფოების ძირითად ინტერესად და ამოცანად რჩება – პირველ რიგში, კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, შემდგომ კი იმის გათვალისწინებითაც, რომ უკრაინის მხარდასაჭერად და კრემლის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სულ უფრო მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფა უწევთ.

თუმცა, ევროპაში მზად არიან იმისთვისაც, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდეს, რადგან, როგორც ამბობენ, მოსკოვისთვის დამახასიათებელია დროის გაყვანა ან შეთანხმებების უგულებელყოფა.

„ჩვენ ევროპაში უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შემდგომშიც მოგვიწოდებენ უკრაინის მხარდაჭერისკენ. გერმანია მზად არის ამის გასაკეთებლად და მე მხოლოდ შემიძლია, ყველა ევროპელ პარტნიორს მოვუწოდო, გამოიჩინონ სოლიდარობა და ერთიანობა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროპული კონტინენტის მომავლისთვის.

შედეგიანი მშვიდობიანი მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიგებს, რომ ევროპა უკრაინის გვერდით არის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.

სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე საუბრების პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს იერიშების მიტანას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო თუ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

26 იანვრის ღამით, რუსული საოკუპაციო ჯარები დრონებით დაესხნენ თავს ოდესის ოლქს, რასაც საცხოვრებელი სახლის ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. იერიშების სამიზნეთა შორის აღმოჩნდა ევანგელური ეკლესია, საბავშვო ბაღი და სავაჭრო ობიექტებიც.

ენერგოობიექტებზე განგრძობადი თავდასხმის გამო კი უკრაინის დედაქალაქსა თუ სხვა მსხვილ ქალაქებში ათობით ათასი მოქალაქე ძლიერი ყინვისა და თოვლის დროს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend