„დონალდ ტრამპი ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ალიანსისადმი ძალიან ერთგულია“, – გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპარლამენტარებს, რომელთა დიდი ნაწილიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აგრესიულ რიტორიკაზე ევროპის მიმართ ძალიან ღელავს.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის მუქარა გრენლანდიის დაუფლების შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა „ნატოს დასასრულად“ შეაფასა, მარკ რუტე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „დაცვას იმსახურებს“ და იგი „ნატოსთვის ბევრ კარგ საქმეს აკეთებს“.
„2025 წლის ბოლოსთვის ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის მიერ 2%-იანი მიზნის მიღწევა ტრამპის გარეშე არასდროს მოხდებოდა“, – უთხრა რუტემ ევროპარლამენტარებს და დაამატა ისიც, რომ ალიანსი ტრამპის გარეშე ვერასდროს მიაღწევდა თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდის შეთანხმებასაც.
ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა ისიც, რომ მას არც პირადი შეტყობინებების გამოქვეყნება აწუხებს, თუკი საქმე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის „კარგი საქმეებისთვის“ შექებას ეხება და ამით დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ მიმოწერაზე მიანიშნა.
რუტე მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ევროპა უსაფრთხოების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებზე ფუნდამენტურად არის დამოკიდებული და ეს ევროპარლამენტარებსაც მკაფიოდ განუცხადა.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კარგ საქმეებს აკეთებს, მე მას ვაქებ და საერთოდ არ მაწუხებს, გამოაქვეყნებს თუ არა ტექსტურ შეტყობინებებს. და თუკი ვინმე აქ ისევ ფიქრობს, რომ ევროკავშირს, ან მთლიანად ევროპას, საკუთარი თავის დაცვა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე შეუძლია – ოცნება გააგრძელეთ. ეს შეუძლებელია. ჩვენ ვერ შევძლებთ. ერთმანეთი გვჭირდება.
თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ ამ გზაზე მარტო იაროთ – ვინც ამას ქადაგებთ, დაივიწყეთ, რომ ოდესმე 5%-იანი ხარჯებით მიაღწევთ მიზანს. ეს 10% იქნება. თქვენ საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების შექმნა მოგიწევთ, რაც მილიარდობით ევრო დაგიჯდებათ. და ასეთ სცენარში თქვენ დაკარგავთ ჩვენი თავისუფლების საბოლოო გარანტს – ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ ქოლგას. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ევროპარლამენტართა ნაწილმა მარკ რუტე გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის გრენლანდიის საკითხზე დაძაბულობის შემცირების საქმეში გაწეული როლისთვის შეაქო. ამასთან, მათ მეტი ინფორმაცია მოითხოვეს იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არქტიკული კუნძულის მომავლის შესახებ დადო.
რუტემ შეთანხმების დეტალები არ გაამხილა, თუმცა განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ორი სამუშაო მიმართულება შეთანხმდა. პირველი – ნატოს მიერ არქტიკის რეგიონის თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება, ხოლო მეორე – ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის პირდაპირ დიალოგს გულისხმობს.
მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა რუტეს ჩარევის მანდატი არ აქვს.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება კი უკრაინაში მიმდინარე ომს დაუთმო.

