კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ სემ რეიმის ფილმი ‘Send Help’, რომელიც ჯოჯოხეთურ მოგზაურობას აღწერს, ასევე ბრიტანეთის რეგენტობის ეპოქის ამსახველი რომანტიკული სერიალის „ბრიჯერტონების“ (Bridgerton) მეოთხე სეზონი, ვენეციის კარნავალი და ლანა დელ რეის მეათე ალბომი, რომელსაც დიდი ხანი ელოდა მსმენელი – აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე მეტი ყურადღება მიმდინარე კვირაში.
დაჯილდოებების სეზონი სრული სვლით მიდის, უკვე გასაჯაროვდა ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილი ფილმების სია და სულ მალე რიგში ჩადგებიან BRITS-ი (ბრიტანეთში მუსიკალური ჯილდოების გადაცემის ცერემონია პოპმუსიკის სფეროში, დაარსებული ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ) და BAFTA (ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება). ამიტომ კარგი იქნება, თუ გადავხედავთ იმას, რაც გამოგვრჩა და თან მომავალ კონკურენტებსაც დავაკვირდებით.
თუ გავითვალისიწინებთ, რომ მიმდინარე კვირას ისევ ვიხილავთ საშინელებათა ჟანრის ლეგენდად აღიარებული კინორეჟისორის სემ რეიმის ფილმს, მეოცნებე პოპპრინცესა ლანა დელ რეის, ასევე აწ გარდაცვლილი ფოტოდოკუმენტალისტის მარტინ პარის ექსცენტრული ფოტოების რეტროსპექტივას კიტჩის სტილში და ვენეციის კარნავალს, ისეთი განცდა ჩნდება, რომ ეს კვირა განსაკუთრებულად დატვირთულია მაღალი დონის ღონისძიებებით.
და რაკი, ბოლოს და ბოლოს, ეს გაუთავებელი იანვარიც ილევა, კარგად დააკვირდი, როგორი კათარზისული ხასიათი აქვს მიმდინარე კვირისთვის გაცემულ რეკომენდაციებს.
გამოფენები

ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი გასული წლის ბოლოს გარდაიცვალა და მემკვიდრეობად დაგვიტოვა კიტჩის სტილში გადაღებული ქარიზმატული ფოტოები, რომლებიც იუმორით მიანიშნებენ ადამიანური ყოფის აბსურდულობაზე. პარიზის Jeu de Paume-ის მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ხელოვნების ცენტრი იწვევს მსურველებს მარტინ პარის შემოქმედების გამოფენაზე 30 იანვრიდან 24 მაისის ჩათვლით.
ლონდონის დევიდ ცვირნერის გალერეა (David Zwirner Gallery) 29 იანვრიდან 14 მარტის ჩათვლით მასპინძლობს ამერიკელი ხელოვანის, კარიკატურისტ რობერტ კრამბის გამოფენას „სისულელეს ბოლო არ უჩანს“ (There’s No End to the Nonsense).

კრამბის უხამსმა, სატირულმა კარიკატურებმა დაუდო სათავე გასული საუკუნის 60-90-იანი წლებში ე.წ. ანდერგრაუნდის ჟანრის კომიქსების წიგნს. მისი პირველი ნამუშევრის გამოქვეყნებიდან თითქმის 70 წლისთავზე დევიდ ცვირნერის გალერეამ კრამბის საკვანძო ნამუშევრები გამოფინა.
ღონისძიებები

31 იანვრიდან 17 თებერვლამდე იტალიაში ვენეციის ცნობილი კარნავალი გაიმართება, რომლის თემაც მითები და სპორტი იქნება, რადგან წელს იტალია, კერძოდ, ქალაქები მილანი და კორტინა-დ’ამპეცო მასპინძლობენ ზამთრის ოლიმპიადასა და პარალიმპიურ თამაშებს. კარნავალის პროგრამა ვენეციაში შაბათს წმინდა მარკოზის მოედანზე დაიწყება, ხოლო მეორე დღეს ტრადიციულად დიდ არხზე გამართული წყლის მსვლელობა გახსნის ოფიციალურად კარნავალს.
საფრანგეთის ქალაქ ბორდოს დიდ თეატრში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ოპერა – ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ დაიდგმება 26 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით. ოპერას იტალიელი დირიჟორი ტიტო ჩეკერინი უდირიჟორებს, ვიოლეტას პარტიას კი იტალიელი სოპრანო ფედერიკა გვიდა შეასრულებს.
ლონდონში სასტუმრო „სავოიში“ პირველ თებერვალს გაიმართება გალა-აუქციონი, სახელწოდებით „ჯანდაცვის მუშაკები პალესტინისთვის – სოლიდარობის მარცვლები”. ეს აუქციონი, რომელზეც თავისი ხელოვნებით წვლილს შეიტანენენ მუსიკოსი ბრაიან ინო, მოქანდაკე ენტონი გორმლი, მხატვარი ლიზა ბრაისი და სხვები, იმ მიზნით ტარდება, რომ დაეხმაროს „ღაზის მედიკოსთა სოლიდარობის ფონდს“ (Gaza Medics Solidarity Fund). ეს არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ინვესტიციებს დებს მობილურ კლინიკებში, სამშობიარო პალატების აღდგენაში და სტიპენდიას უნიშნავს ღაზელ ექიმებს.
ამ სტატიის წერის დროისთვის, გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს ინფორმაციით, ღაზაში უკვე ჯანდაცვის 1700 მუშაკი იყო დაღუპული. ამ დროს კი ისეთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Oxfam-ი და „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Doctors Without Borders), ღაზაში შესვლა ეკრძალებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ პალესტინელებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.

აუქციონზე მისული ადამიანი, გარდა იმისა, რომ სიკეთეს გააკეთებს, შესანიშნავ ხელოვნებასაც ეზიარება.
ფილმები
ლეგენდარული ტრილოგიის „გაბოროტებული მკვდრების“ რეჟისორი სემ რეიმი ისევ ბრუნდება საშინელებათა ჟანრის ფილმით „Send Help“, რომლის სიუჟეტიც ადამიანს თმას ყალყზე დაუყენებს. თვითმფრინავის კატასტროფას გადარჩენილი ფილმის მთავარი გმირი ლინდა (რომელსაც რეიჩელ მაკ-ადამსი ასრულებს) და მისი ეგოისტი უფროსი ბრადელი (დილან ო’ბრაიენი) უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან, სადაც გადარჩენისთვის იბრძვიან. ამ ბრძოლის ფონზე კინორეჟისორი ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კაპიტალიზმის ძალაუფლება და გენდერული დისბალანსი. ეს კორპორატიული კონფლიქტი საკმაოდ კომიკურად არის წარმოდგენილი. ფილმი ევროპის კინოთეატრებში 30 იანვრიდან გავა.
დიდ ბრიტანეთში 30 იანვარს ასევე კინოეკრანებზე გამოვა ტრილერი „პრიმატი“ და იუტუბერ მარკიპლაერის საშინელებათა ჟანრის ფილმი „რკინის ფილტვი“ (Iron Lung).
სერიალები
Netflix-ზე 29 იანვრიდან დაიწყება ძალიან პოპულარული სერიალის „ბრიჯერტონების“ (Bridgerton) მე-4 სეზონი.
28 იანვრიდან Disney+-ზე გავა ახალი მინისერიალი „საოცარი კაცი“ , რომელშიც (Wonder Man) იაჰია აბდულ-მატინ II გამოჩნდება მივიწყებული მსახიობის როლში. იგი სუპერგმირი ხდება. ამას გარდა, ბრიტანული კრიმინალური ტრილერი „ფოლადი“ (Steal) ახლა Prime Video-ს პლატფორმაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
მუსიკა
დიდი ხნის ლოდინისა და სათაურის რამდენჯერმე შეცვლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, 30 იანვარს დღის სინათლეს იხილავს პოპმუსიკის დედოფლის ლანა დელ რეის მე-10 ალბომი, სახელწოდებით „ქურა“ (Stove). ეს მომღერლის პირველი სტუდიური ჩანაწერია 2023 წლის შემდეგ და მის მიმართ დიდი მოლოდინია. ეს ალბომი ლანა დელ რეის ყველაზე ხანგრძლივი ალბომიცაა, რადგან მასზე 19 სინგლია ჩაწერილი.
30 იანვარს ასევე გამოვა ამერიკული ფსიქოლოგიური როკის წარმომადგენელი ბენდის Blackwater Holylight-ის სტუდიური ალბომი, სახელწოდებით – „Not Here Not Gone“.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი


