მთავარიმსოფლიოUNITED NATIONS„კანონის უზენაესობას ჯუნგლების კანონი ცვლის“ - ამბობენ გაეროში

„კანონის უზენაესობას ჯუნგლების კანონი ცვლის“ – ამბობენ გაეროში

„მსოფლიოში კანონის უზენაესობას ჯუნგლების კანონი ცვლის“ – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და დასძინა, რომ მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს ექსკლუზიური უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

მისი თქმით, მსოფლიო ახლა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რა დროსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაეროს წესდებების დაცვა და ძლიერი სახელმწიფოების მიერ მათზე შედარებით სუსტ ქვეყნებზე გავლენის მოპოვების აღმოფხვრა.

„ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები იაზრებდნენ, რომ გლობალური პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია არა იარაღის, არამედ დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სისტემის მხარდაჭერით – დიალოგის გზით და არა დაყოფისკენ მიმართული „ნულოვანი ჯამის პოლიტიკით“, – ასევე თანამშრომლობისა და არა გეოპოლიტიკური კონკურენციის გზით…

მთელ მსოფლიოში ვაკვირდებით პროცესებს, როდესაც კანონის უზენაესობას ჯუნგლების კანონი ცვლის. ვხედავთ გაეროს წესდებებისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ღაზიდან უკრაინამდე, ყველგან კანონის უზენაესობა აღიქმება როგორც არჩევანი. ვხედავთ, რამდენად უგულებელყოფენ სახელმწიფოები კანონის უზენაესობას ძალის გამოყენებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანით, ადამიანის უფლებების დარღვევით, ბირთვული იარაღის უკანონოდ შექმნით, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლითა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმით.

ეს დარღვევები ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რაც სხვა სახელმწიფოებსაც უბიძგებს აკეთონ ის, რაც მათ სურთ ნაცვლად იმისა, რომ აკეთონ ის, რისი ვალდებულებაც აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით…

მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს აქვს წესდებით გათვალისწინებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში იმოქმედოს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით.

მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რაც სავალდებულოა ყველასთვის. სამართლებრივად არც ერთ სხვა ორგანოსა თუ სპეციალურ კოალიციას არ შეუძლია მოითხოვოს წევრი სახელმწიფოებისგან მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება…“ – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

ამ განცხადებას გაეროს გენერალური მდივანი აკეთებს იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპმა ჯერ „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ განაცხადა, სულ მალე კი საკუთარი განცხადება სისრულეში მოიყვანა და 22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე მიწვეულ სახელმწიფოსთან ერთად ხელი მოაწერა შესაბამის ჩარჩო-დოკუმენტს.

აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა თავდაპირველად გულისხმობდა ღაზის სექტორში მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტის დასრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი კვლავ რჩება საბჭოს ძირითად ფოკუსში, დონალდ ტრამპი, ხელმომწერ სახელმწიფოებთან ერთად გეგმავს, გაცილებით ფართო მასშტაბი მოიცვას და სამშვიდობო პროცესს მთელ მსოფლიოში შეუწყოს ხელი, მათ შორის უკრაინაში, სადაც 4 წელი სრულდება კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან.

აშშ-ის პრეზიდენტის „მშვიდობის საბჭოს“ კრიტიკოსები მის გეგმებს სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ დონალდ ტრამპი ცდილობდა გაეროს ალტერნატივის შექმნას, რომელიც არაერთხელ გამხდარა მისი კრიტიკის სამიზნე.

სკეპტიციზმი გააღრმავა აშშ-ის პრეზიდენტის 21 იანვრის განცხადებამ, როცა მან თქვა, რომ „გაერო დიდად სასარგებლო არ ყოფილა“, რადგან „ვერასდროს გამოავლინა საკუთარი პოტენციალი“. მისივე მტკიცებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მრავალწლიანი ომები მან დაასრულა და არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.

დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმების მიუხედავად, მისი თავმჯდომარეობით მოქმედ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრებას არ ჩქარობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მათგან ჯერჯერობით ერთადერთი უნგრეთი აღმოჩნდა, რომლის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერა შესაბამის ჩარჩო-დოკუმენტს.

მიწვევა მიიღეს მოსკოვმა და მინსკმაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ჯერ „მოკავშირეებთან კონსულტაციებს გადიან“, თუმცა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის მზად არიან. საბჭოს იდეას ემხრობა გაერთიანებული სამეფო, თუმცა ლონდონი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ფონზე, წარმოუდგენელია კრემლის წარმომადგენლებთან ერთად საუბარი მშვიდობაზე.

მსგავსად იყო განწყობილი ისრაელი თურქეთის წევრობისადმი, თუმცა თელ-ავივმა მაინც გადაწყვიტა, შეუერთდეს საბჭოს.

ამ დროისთვის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მიწვეულთა სიაში იყო და, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აღარ არის – კანადაა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკის კრიტიკოსია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend