მთავარიმსოფლიო„ჰეზბოლა" აშშ-სა და ისრაელთან შესაძლო ომისთვის ემზადება

„ჰეზბოლა” აშშ-სა და ისრაელთან შესაძლო ომისთვის ემზადება

„ჰეზბოლა” ისრაელსა და აშშ-სთან ბრძოლისთვის ემზადება, თუ თავის მხრივ თელ-ავივი და ვაშინგტონი ირანთან სამხედრო დაპირისპირებას მართლაც წამოიწყებენ. დაჯგუფების ლიდერს მკაფიოდ არ უპასუხია, ავტომატურად ჩაერთვებიან თუ არა მისი მეომრები შესაძლო ომში, თუმცა მიანიშნა, რომ ამ საკითხში ნეიტრალური მოთამაშეები არ ჰქვიათ და მათი ინტერესებიც ყველასათვის ცნობილია.

„როდესაც ტრამპი ან ნებისმიერი სხვა ემუქრება ირანის სულიერ ლიდერს, ეს ნიშნავს, რომ ის ემუქრება მილიონობით, უფრო სწორად კი ათობით მილიონ ადამიანს, რადგან აიათოლა ალი ხამენეი მათი ლიდერია. ეს კი ისეთი რამაა, რაზეც ჩუმად ვერ ვიქნებით, ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ჩვენი რწმენა, ჩვენი ვალია, რომ ვუპასუხოთ ამ მუქარას. ჩვენ მოწადინებული ვართ გამოვიყენოთ ყველა ზომა და მოვემზადოთ ამ მუქარაზე საპასუხოდ. ჩვენ ამ მუქარას განვიხილავთ როგორც პირდაპირ საფრთხეს, მათ შორის ჩვენი მისამართითაც, ამიტომ გვაქვს იურისდიქცია, ამ გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. გეტყვით, რომ გასული 2 თვის განმავლობაში, რამდენიმე მხარემ გულწრფელად და მკაფიოდ მკითხა, ჩაერთვება თუ არა „ჰეზბოლა”, თუ ისრაელი და ამერიკა ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებენ? ჩავერთვებით ჩვენ თუ არა, ამას განსაზღვრავს იმ მომენტისთვის არსებული სიტუაცია და დეტალები, თუმცა ჩვენ არა ვართ ნეიტრალურები. თუ როგორ ვიმოქმედებთ, ამას განსაზღვრავს ბრძოლა და ინტერესები, რომლებიც ყველასათვის ცნობილია“, – აღნიშნა „ჰეზბოლას” ლიდერმა, შეიხ ნაიმ ქასემმა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური „ჰეზბოლა” ისრაელსა და ირანს შორის ბოლო დაპირისპირებაში პასიურ პოზიციაში აღმოჩნდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაჯგუფებისთვის 2024 წელს მიყენებული ზიანი მძიმე აღმოჩნდა. მაშინ სამხედრო კონფრონტაცია აშშ-ის შუამავლობით – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. მას შემდეგ მხარეები ერთმანეთს მის დარღვევაში მუდმივად ადანაშაულებენ.

ირანის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გაკეთებულმა განცხადებებმა განაახლა დაძაბულობა აშშ-სა და ირანს შორის. თეირანში ითქვა, რომ ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შეტევას უფრო მტკივნეული და უფრო გადამწყვეტი პასუხი გაეცემა, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა. საბრძოლო მზაობის გაზრდაზე აქცენტების კეთება სწორედ ირანიდან დაიწყო. ამას მოჰყვა ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების მუქარაც, რომ წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმებისთვის მზად არიან. მანამდე იყო ერაყში მოქმედი ქათაიბ „ჰეზბოლას” შეიარაღებული დაჯგუფების განცხადებაც, რომელიც აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანთან ომის შემთხვევაში ტოტალური ომის მუქარას შეიცავდა მთელი რეგიონისთვის. ირანის სატელიტების მუქარის შემცველი განცხადებების მიუხედავად საგულისხმოა, რომ ეს ჯგუფები დასუსტებულები არიან და ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო პოტენციალთან შედარებით მცირე გაბარიტებით მოქმედებენ.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სულ ბოლოს 25 იანვარს გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ლიბანის სამხრეთით „ჰეზბოლას” პოზიციებს წარმატებით შეუტიეს. „ჰეზბოლას” განიარაღება აშშ-სა და ისრაელის საერთო სტრატეგიაა, მხარეები ლიბანის ხელმძღვანელობას აჩქარებენ, „ჰეზბოლას” სამხედრო არსენალი უფრო სწრაფად ჩამოერთვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend