მთავარიევროპაუკრაინამოლაპარაკებების ფონზე რუსეთი კიევის ასობით საცხოვრებელს გათბობის გარეშე ტოვებს

მოლაპარაკებების ფონზე რუსეთი კიევის ასობით საცხოვრებელს გათბობის გარეშე ტოვებს

გარღვევა არ ყოფილა, თუმცა აბუ-დაბიში საუბრები კონსტრუქციული, ზოგის თქმით, პოზიტიურიც კი გამოდგა. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების თანდასწრებით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ითქვა, რომ პრობლემური საკითხები შემცირდა, თუმცა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.

სამხედროებსა და დიპლომატებს შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარასკევსა და შაბათს გამართული მოლაპარაკებები მეტწილად ტერიტორიულ საკითხებზე ფოკუსირდებოდა, უფრო კონკრეტულად კი დონბასის რეგიონზე, რომელზეც მოსკოვს პრეტენზიები აქვს, უკრაინა კი საკუთარი მიწების დათმობას არ აპირებს. ლიეტუვაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ამერიკული მხარე გამოსავლის ძიებაშია ჩართული. არსებობს პროგრესი  ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიების ნაწილში, რომელსაც კიევი უკვე დიდი ხანია ითხოვს.

„ასრებობდა ბევრი პრობლემური საკითხი, ახლა ისინი უფრო ნაკლებია და ეს საკმაო ხანია ასეა. რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინამ აღარ იარსებოს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით. ესაა მათი მკაფიო მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობენ, რადგან ბრძოლის ველზე ამას ვერ აღწევენ. ჩვენი პოზიცია ნათელია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ, აღარ გავიმეორებ, ყველამ იცის ამ მხრივ ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ ვიბრძვით სხვა ქვეყნის ტერიტორიებისთვის, რა კითხვა შეიძლება ჩვენთან არსებობდეს? ამერიკელები ცდილობენ იპოვონ კომპრომისი, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ სამმხრივ ფორმატშიც, არსებობს პირველი ნაბიჯიც, რომელიც ასეთი კომპრომისის პოვნას უკავშირდება. თუმცა იმისათვის, რომ კომპრომისი არსებობდეს, უნდა არსებობდეს ამავდროულად ყველა მხარის ნება – მათ შორის ამერიკული მხარის. გეტყვით იმასაც, რომ აშშ-სთან ერთად ორმხრივი უსაფრთხოებითი გარანტიების დოკუმენტი 100 პროცენტითაა მზად. ჩვენ პარტნიორებისგან ველოდებით კონკრეტულ თარიღს, როდესაც მას ხელს მოვაწერთ. ამის შემდეგ, დოკუმენტი ამერიკის კონგრესში და უკრაინის პარლამენტში გაიგზავნება რატიფიკაციისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლიდერების დონეზე სამმხრივ ფორმატში შეხვედრის პერსპექტივები ჯერ ისევ ბუნდოვანანია. მანამდე მხარეები კვლავ აბუ-დაბიში უნდა შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდეტის სპეციალური წარმომადგენლების სტივენ უიტკოფისა და ჯარეტ კუშნერის ინფორმაციით, შეხვედრა უკვე 1-ელ თებერვალს შედგება. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში განსახილველია ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მომავალიც, რომლის ორ ქვეყანას შორის გაყოფის გეგმაც არსებობდა. ვიდრე საკითხი გადაწყდება რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმას განაგრძობს. სწორედ ამის გამოა, რომ კიევი მოკავშირეებს საჰაერო დაცვისთვის გაძლიერების თხოვნით მიმართავს. უკიდურესად ცივი ზამთრის პირობებში ასობით საცხოვრებელი სახლი კიევში გათბობის გარეშეა დარჩენილი.

„ამ წუთას გათბობა არ გვაქვს, მაგრამ თავი კარგად გვიჭირავს, გვაქვს ელექტროენერგია, რაღაცნაირად თავს ვართმევთ ამ ყველაფერს, დაზღვევისთვის გვაქვს გაზის ბალონებიც. იმედი ყოველთვის არსებობს და ყოველთვის უკეთესის იმედით ვცხოვრობთ, აქამდე ხომ ყველა ომი მშვიდობითა და მოლაპარაკებით სრულდებოდა“, – ამბობს კიევში მცხოვრები ანდრი პოლიოვიკი.

ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 1700 დრონით შეუტია, გამოიყენა 1380 მართვადი ბომბი და 69 რაკეტა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ შაბათს, 24 იანვარს, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების შემდეგ კიევში 1600 მაღალსართულიანი შენობაა გათბობის გარეშე დარჩენილი. მინუს 10-გრადუსიანი ყინვების ფონზე შეფერხებულია აღდგენითი სამუშაოები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend