კვლავ დაძაბულობის კერად რჩება მინეაპოლისი, სადაც 24 იანვარს, ქალაქში სპეციალური ოპერაციის ფარგლებში განლაგებულმა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ამერიკის მოქალაქე, 37 წლის ალექს პრეტი მოკლეს.
სამართალდამცავი უწყების ვერსიით, რასაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც ემხრობა, შეიარაღებულმა მოქალაქემ წინააღმდეგობა გაუწია ფედერალური ძალების წარმომადგენლებს, არ დაემორჩილა მათ მითითებებს და თავს დაესხა ოფიცრებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით გაისროლეს.
„ეს პირი გამოჩნდა, რათა ხელი შეეშალა სამართალდამცავი ორგანოს ოპერაციისთვის და თავს დაესხა ჩვენს თანამშრომლებს. მათ უპასუხეს თავიანთი მომზადების დონის შესაბამისად და გამოიყენეს ყველა ქმედება ოფიცრისა და გარშემო მყოფთა სიცოცხლის დასაცავად.
არ ვიცნობ არც ერთ მშვიდობიან დემონსტრანტს, რომელიც აქციაზე პლაკატის ნაცვლად იარაღითა და საბრძოლო მასალებით გამოჩნდებოდა. ეს არის ძალადობრივი არეულობა, როდესაც ქუჩაში ვიღაც ჩნდება იარაღით და იყენებს მას სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.
მომხდარმა მინეაპოლისში ისედაც მასშტაბური საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მეტად გაამწვავა და, მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების, სამართალდამცავი სტრუქტურების გაფრთხილებების მიუხედავად, ქუჩებში გამოიყვანა პროცესებისადმი მანამდე შედარებით გულგრილი მოქალაქეებიც. სახალხო პროტესტს პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა.
„ვფიქრობ, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის შემთხვევითი. ეს შეიძლება შენ ყოფილიყავი, მე ვყოფილიყავი ან ნებისმიერი სხვა. ისინი არავის სცემენ პატივს. სწორედ ეს იწვევს სიბრაზეს… ეს უნდა შეწყდეს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარკ რუდი.
გარდა სამართალდამცველებისადმი მოქალაქეების უნდობლობის ზრდისა, მინესოტას შტატის დედაქალაქში მომხდარმა მკვლელობამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა დაძაბულობა ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებებს შორის.
„დემოკრატები“ მოუწოდებენ „რესპუბლიკელ“ კოლეგებს სენატიდან თუ კონგრესიდან, მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივას, რომლითაც ისინი მინესოტიდან ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვენ.
მათმა ნაწილმა დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ინსტიტუტების მიტაცებაზე მიანიშნა:
„ჩვენი გზავნილი მკაფიო და მარტივია – ჩვენ გვჭირდება მინესოტიდან საიმიგრაციო სამსახურის გაყვანა. ამ ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, რაც საზოგადოებამ ვიდეოებით იხილა, ისინი არ უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას.
ახლა ფოკუსირებული ვართ საიმიგრაციო სამსახურის შტატიდან გაყვანაზე და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთარსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს. თუმცა, შევახსენებ მოქალაქეებს, რომ დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს თეთრ სახლს და, სამწუხაროდ, რადგანაც ამ დრომდე არ გვინახავს კონგრესში „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, როგორც ჩანს, ის კონგრესსაც ხელმძღვანელობს“, – განაცხადა „დემოკრატმა“ სენატორმა ემი კლობუჩარმა.
მინესოტის შტატის გუბერნატორმა კი ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები მინეაპოლისში მართლწესრიგის დროულად აღსადგენად:
„თუკი დონალდ ტრამპის განზრახვა იყო, საჩვენებლად დაესაჯა მინესოტა, მაშინ მე ვამაყობ იმ მაგალითით, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს…
ყველა ამერიკელთან მაქვს კითხვა, რომელიც, შესაძლოა, ამ მოვლენებს ცნობისმოყვარე, შეშფოთებული, ზიზღით ან თანაგრძნობით უყურებს – ვის მხარეს გინდათ რომ იყოთ? ყოვლისშემძლე ფედერალური ხელისუფლების მხარეს, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში მოკვლა, დასახიჩრება და გატაცება თუ ვეტერანთა ჰოსპიტლის ექთნის მხარეს, რომელიც დაიღუპა და გახდა ამ ხელისუფლების მსგავსი ქმედებების თვითმხილველი თუ იმ დედის მხარეს, რომლის ბოლო სიტყვები იყო: „შენზე გაბრაზებული არ ვარ“?
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გადაწყვიტოთ, რომ აღარ გსურთ ამასთან შერიგება. თუკი ამ ადმინისტრაციას მიეცით ხმა, თუკი ერთი თვის წინაც კი გეგონათ, რომ ეს სპეცოპერაცია კარგი იდეა იყო, თქვენ მაინც გაქვთ უფლება, მინესოტაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ვთქვათ: „ეს არ არის ის, რასაც მხარი დავუჭირე და მე ეს არ მინდა“…
საკმარისია. პრეზიდენტო ტრამპ, დღესვე შეგიძლიათ, ამას ბოლო მოუღოთ. დააბრუნეთ ეს ადამიანები. მიგრაციასთან დაკავშირებით განახორციელეთ ჰუმანური, მართლზომიერი და ეფექტური კონტროლი. ამაში თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა გაქვთ. მიეცით საშუალება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, განაგრძონ იმის კეთება, რითაც ისინი მინესოტის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო შტატად აქცევენ.
საშუალება მიეცით ჩვენს შვილებს, დაბრუნდნენ სკოლებში. მინესოტაში ბავშვები, ქუჩაში გასვლის შიშით, სახლებში იმალებიან“, – განაცხადა ტომ უოლცმა.
ოპონენტთა კრიტიკას დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ მინესოტის შტატის ხელმძღვანელობამ დეპორტაციისთვის უნდა გადასცეს „ყველა კრიმინალი არალეგალი მიგრანტი“, რომელიც შტატის საპყრობილეებში იმყოფება.
მისივე თქმით, ფედერალური სამსახურის მხრიდან ოპერაციები აუცილებელია დანაშაულის შესამცირებლად და საიმიგრაციო კანონმდებლობის დასაცავად.
სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელმა, გრეგორი ბოვინომ კი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა და დასძინა, რომ ამ ვითარებაში რეალური მსხვერპლი „სასაზღვრო პატრულის აგენტები არიან“, ხოლო „სამართალდამცავები არავის ესხმიან თავს“:
„როდესაც პოლიტიკოსები, აქტივისტები და მედია, დაუღალავად მუშაობენ შიშის დასანერგად და ქაოსის შესაქმნელად, ნაცვლად საკუთარი პლატფორმების გამოყენებისა საზოგადოების დასამშვიდებლად, ასეთ შედეგს ვიღებთ…
ინტერნეტი სავსეა ვიდეორგოლებით, ბევრი სხვადასხვა მტკიცებულება არსებობს, რომელიც შეგვიძლია ერთად ვნახოთ. ამიტომაც გვაქვს ისეთი რამ, რასაც გამოძიებას ვუწოდებთ – ამ ვიდეოჩანაწერების, მოწმეთა ჩვენებების, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების ამოსაღებად, ყველა იმ წვრილმანის შესაგროვებლად, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ ნამდვილი სურათი და ვნახოთ ის, რაც რეალურად მოხდა. ამიტომაც ვატარებთ გამოძიებას, რათა ჭეშმარიტებას მივაგნოთ და თავი დავაღწიოთ სპეკულაციებს…
როდესაც ვიღაც წყვეტს, ხელი შეუშალოს კანონის აღსრულებას, ჩაერიოს მის საქმიანობაში და თან აქვს იარაღი, ეს ის არჩევანია, რომელიც იმ კონკრეტულმა ადამიანმა გააკეთა…
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამოძიება დაადგენს ყველა იმ ფაქტს, მათ შორის რამდენჯერ გაისროლეს, სად იყო იარაღი – ყველაფერი ეს გამოძიების შედეგად დადგინდება. მე არ ვიმყოფებოდი დაპირისპირებისას და დაკავების მომენტში, ამიტომ არაფერს არ ვივარაუდებ. დაველოდები გამოძიების შედეგებს“.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან მინეაპოლისში ეს ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მიერ მოქალაქის მკვლელობის მეორე შემთხვევაა.
7 იანვარს სამართალდამცავებმა ამერიკის მოქალაქე, 37 წლის რენე გუდი მოკლეს, რომელიც, თეთრი სახლის მტკიცებით, საიმიგრაციო სამსახურის აგენტზე მანქანით შეჯახებას ცდილობდა.
ფართომასშტაბიანი პროტესტის მონაწილეები, ისევე როგორც მინესოტის შტატის „დემოკრატი“ მმართველები მიუთითებენ, რომ სამართალდამცავთა ქმედებები გასცდა საიმიგრაციო კანონმდებლობის აღსრულებას და მასობრივ ძალადობაში გადაიზარდა, მითუმეტეს, როდესაც ორივე მოკლული არა უცხო ქვეყნის, არამედ აშშ-ის მოქალაქეა.
პარალელურად, თეთრ სახლში არაერთხელ გაიმეორეს, რომ მინეაპოლისში მართლწესრიგის დასამყარებლად მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის ხელშია „აჯანყების შესახებ“ ფედერალური კანონის გამოყენების უფლება, რომელიც დონალდ ტრამპს უფლებას მისცემს, ჩაერიოს შტატის შიდა საქმეებში და გამოიყენოს ჯარი დემონსტრაციების შესაჩერებლად.

