სირიის სამთავრობო ძალებმა დაიკავა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკი, რომელიც მეტწილად „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირებით, ქალებითა და ბავშვებითაა დასახლებული.
ალ-ჰოლის ბანაკის დაკავებას წინ უძღოდა 2-კვირიანი დაპირისპირება სირიის ახლად არჩეული მთავრობის ძალებსა და ქურთების მიერ მართული ე.წ. დემოკრატიულ ძალებს შორის. ამ დაპირისპირებაში ქურთებმა მანამდე მათ კონტროლქვეშ მყოფი არაერთი მიწა დაკარგეს, საბოლოოდ კი სირიის მთავრობამ მათთან გარიგებას მიაღწია და ცეცხლის შეწყვეტაც გამოაცხადა იმ პირობით, რომ ეს ძალები სირიის შეიარაღებულ ძალებსა და ინსტიტუციებში ინტეგრაციას მოახდენდნენ.
ალ-ჰოლის ბანაკი ჯერ კიდევ 2019 წელს 73 000 ადამიანის სახლი იყო, თუმცა წლებთან ერთად ამ რიცხვმა იკლო იმის გამო, რომ რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესი დაიწყეს. უკვე დღეს ბანაკი 24 000 ადამიანს ითვლის, მათი დიდი უმრავლესობა სირიიდანაა, 6 500 ადამიანი კი, მეტწილად ქალები და ბავშვები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რათა აისისს შეერთებოდნენ მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ 2014 წელს სირიისა და ერაყის დიდ ნაწილში პოზიციები გაიმყარეს. მათი ნაწილი ბანაკის განსაკუთრებულად დაცულ სექციაში ცხოვრობს.
„აქ 2018 წელს გადმოვსახლდით, გვითხრეს, რომ უსაფრთხო ადგილი იყო. ვგეგმავდით აქ 10-15 დღის გატარებას შემდეგ კი ამ ადგილის დატოვებას, თუმცა ვერ შევძელით. როგორც ხედავთ, უკვე 2026 წელია და ისევ აქ ვართ”, – აღნიშნავს სირიელი ტაჰა ალ-აჰმადი.
„მათ დაიჭირეს ჩემი ქმარი, ის ნასრიას საპატიმროშია, ის არ ეკუთვნის ამ დაჯგუფებას, მისი დაკავება უსამართლობა იყო. ის ჯერ კიდევ ციხეშია. მე მივმართავ ერაყის მთავრობას, შეხედოს ამ საქმეს, წააწყდება ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს”, – აღნიშნავს მარიამი, ერაყელი ქალი ბანაკიდან.
ორკვირიანი დაპირისპირების შემდეგ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა შეინარჩუნეს კონტროლი ათობით საპატიმროზე, სადაც ისლამური სახელმწიფოს 9 000-მდე წევრია დაკავებული, გასულ დღეებში ისინი სირიის სამთავრობო ძალებთან ბრალდებებს ცვლიდნენ ამ საპატიმროებიდან ათობით პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, გაქცეულები კვლავ დაკავებულები არიან.
4 500 დაკავებულით ყველაზე მსხვილი საპატიმრო გვეირანშია, სახელად პანორამა. იქ კი ყველაზე საშიში პატიმრები არიან შესახლებული.

