მთავარიევროპარუსეთირუსეთის მზაობა და დათქმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობისთვის

რუსეთის მზაობა და დათქმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობისთვის

დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრებლად მოსკოვი მზად არის, თუმცა, მათ შორის ამერიკასთან მას კონკრეტული დათქმა აქვს.

ვლადიმერ პუტინმა 21 იანვარს განაცხადა, რომ საბჭოს მუდმივი წევრობისთვის აუცილებელ 1 მილიარდ დოლარს გადაიხდის დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან:

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ მხარს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სახის ძალისხმევას. ასევე აღვნიშნავთ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის ძალისხმევას უკრაინის კრიზისის აღმოსაფხვრელად.

რუსეთისა და პალესტინელი ხალხის ურთიერთობების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია 1 მილიარდი აშშ დოლარის გაღება სამშვიდობო პროცესისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან.

ცნობისთვის, ამერიკაში გაყინული ჩვენი აქტივებიდან დარჩენილი სახსრები შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მოქმედებებისას დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად, რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში“.

თითოეული წევრი სახელმწიფოსგან საერთო ფონდში შეგროვებული თანხა, „მშვიდობის საბჭოს“ დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხმარდეს საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, თუმცა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, ამ თანხას ქვეყანა გაიღებს კრემლის მიერ ამჟამად ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის თუ იმ ტერიტორიების აღსადგენად, რასაც კიევი აკონტროლებს.

მიუხედავად 1 მილიარდი დოლარის ოდენობის საფასურის გაღების მზაობისა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლა თუ პროცედურების გავლა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ასევე, საჭიროა, შესაბამისი კონსულტაციების გავლა მოსკოვის სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომელთა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ისედაც შემცირებული რაოდენობაც, მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, მნიშვნელოვნად იკლებს.

კრემლის არც თუ ისე ბევრ მოკავშირეთა შორის დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის მოწვევა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასაც გაუგზავნა. მინსკში ამბობენ, რომ მზად არიან, ღაზაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში სამშვიდობო პროცესს ხელი შეუწყონ.

დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეულ სახელმწიფოთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. მიწვეულთა შორის არის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამ საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი უნდა იყოს, თუმცა, გრენლანდიის საკითხის ირგვლივ ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებს შორის გართულებული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია ევრობლოკის მიწვეული ქვეყნების უმრავლესობის კონკრეტული პოზიცია საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის დოკუმენტს მხოლოდ უნგრეთი აწერს ხელს.

ამერიკის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის კრიტიკოსები კი შიშობენ, რომ ის ცდილობს, შექმნას გაეროს ალტერნატივა, რომელიც ბოლო პერიოდში თავად არაერთხელ გააკრიტიკა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend