საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 4-კაციანი ეკიპაჟი ისტორიაში პირველი „სამედიცინო ევაკუაციის” ფარგლებში შინ დაბრუნდა.
მისიის ნაადრევად დასრულება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერთ-ერთ მონაწილეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მისი მდგომარეობის სათანადოდ შესასწავლად ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაში სათანადო დანადგარები არაა, ამიტომ ასტრონავტის დედამიწაზე გამოკვლევა მიიჩნიეს საჭიროდ.
NASA-ს მისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ევაკუაციის დაანონსებისასაც აღნიშნა, რომ ის უკვე სტაბილურად იყო. ამის მიუხედავად, სააგენტომ სიფრთხილე მაინც გამოიჩინა.
ისინი დედამიწაზე SpaceX-ის აპარატით გამოემგზავრნენ და წარმატებით დაეშვნენ. ზენა კარდმანი, მაიკლ ფინკი, კიმია იუი და ოლეგ პლატონოვი პლანეტის ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტით აგვისტოში გაემგზავრნენ. იქ ისინი სულ მცირე 6 თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ და 2026 წელს ღია კოსმოსში გასულიყვნენ. ასტრონავტის მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ისინი პლანეტაზე, კერძოდ კი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, Endeavour-ის სახელით ცნობილი კაფსულით 15 იანვარს დაბრუნდნენ.
დაბრუნებიდან, ერთი კვირის შემდეგ, ევაკუირებულმა ასტრონავტებმა განაცხადეს, რომ სამედიცინო კრიზისის დროს პორტატიული ულტრაბგერითი აპარატი გამოიყენეს და ის „უზომოდ გამოსადეგი“ აღმოჩნდა.
„დედამიწაზე ულტრაბგერითი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და ეს განვითარება კოსმოსშიც გადმოვიტანეთ. პორტატიული ულტრაბგერითი აპარატის არსებობა ამ სიტუაციაში ძალიან დაგვეხმარა. მე და ეკიპაჟის ყველა წევრმა დიდი გამოცდილება შევიძინეთ ულტრაბგერითი აპარატის გამოყენებაში ადამიანის სხეულის შესწავლისას, იმ ცვლილებებზე დასაკვირვებლად, რომლებიც დროთა განმავლობაში ხდება კოსმოსში ცხოვრებისას“, – აცხადებს NASA-ს ასტრონავტი, მაიკ ფინკე.
NASA ორბიტაზე ახლა უკვე მომდევნო მისიის გასაშვებად ემზადება, რაც 15 თებერვალსაა ჩანიშნული. ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მხოლოდ სამი ასტრონავტია: კრის უილიამსი, სერგეი მიქაევი და სერგეი კუდ-სვერჩკოვი. ასეთი რამ თითქმის ორ ათწლეულში პირველად ხდება.

