ღაზაში პალესტინელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცივ ზამთართან გასამკლავებლად საჭირო ნივთებს ნაგავსაყრელებზე ეძებს. ხან-იუნისში, მუვასის არეალში, არსებულ ნაგავსაყრელზე ადგილობრივი მოსახლეობა პლასტმასასა და ქაღალდებს აგროვებს, რომ შემდგომ ცეცხლის დანთება შეძლოს. იძულებით გადაადგილებული პირი, აზიზ აკელი, რომელიც ოჯახთან ერთად კარავში ცხოვრობს, ამ ადგილას ყოველ დილით მოდის, რადგან მას შეშის შეძენის საშუალება არ აქვს.
„დღეს შეშა დაახლოებით 7-8 შეკელი ღირს, ჩვენ კი შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. საჯარო სამსახურში ან მთავრობაში არავინ ვართ დასაქმებული. ჩემი სახლი აღარ არსებობს, ჩემი შვილები დაჭრილები იყვნენ, უკიდურეს გაჭირვებაში ვართ. აქ მოვედი, რომ პლასტმასა მოვაგროვო და ცოტა ფული დავზოგო“, – ამბობს აზიზ აკელი.
კარავში, სადაც ის მეუღლესა და ექვს შვილთან ერთად ცხოვრობს, ცეცხლის დანთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა საკვების მომზადება და გათბობა შეძლოს.
„მამაჩემი პლასტმასისა და ქაღალდის შესაგროვებლად ყოველ დილით მიდის. რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მამაჩემი არ მუშაობს. სამსახურები არ არსებობს. ყოველდღე მიდის იქ, რომ გადავრჩეთ და საუზმე, სადილი მოვამზადოთ. ეს ხომ სიცოცხლისთვისაა აუცილებელი“, – ამბობს ლინა აკელი.
ჰუმანიტარული ჯგუფების განცხადებით, ღაზაში საჭიროა უფრო მეტი დახმარების პუნქტი გაიხსნას, მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს გაზიც. ღაზაში საწვავისა და ბუნებრივი აირის დეფიციტია, შესაბამისად, ფასიც მაღალია. ამიტომ მოსახლეობას მათი შეძენა შავ ბაზარზე უწევს.
აზიზ აკელის მეუღლემ სანა სალაჰმა იცის, რომ პლასტმასის დაწვა მისი ოჯახის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელია, თუმცა სხვა გზა არ აქვთ.
„ეს დაავადებებს იწვევს. თუმცა იძულებული ვართ, გამოვიყენოთ, რადგან შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ გადავრჩეთ. ესაა ჩვენი ცხოვრება. არც შემოსავალი, არც საბანი, არც ზამთრის ტანსაცმელი. გეფიცებით, მთელი ღამე სიცივისგან ვკანკალებთ. ყველანი ავად ვართ. არაფერი გვაქვს, რაც გაგვათბობს. სიცივის გამო ვერც ვიძინებთ“, – სანა სალაჰი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთარში ძლიერ სიცივეს ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, ღაზაში 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, მათ შორისაა 27 დღის გოგონა, რომელიც ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ისრაელსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ორწლიანი ომი შეაჩერა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების, ძირითადად საკვების მიწოდება უზრუნველყო. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან რეგიონში კვლავ საბნების, თბილი ტანსაცმლისა და შეშის დეფიციტია.

